მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დაარსდა 2001 წლის 1 ოქტემბერს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ლოცვა-კურთხევით. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით შეიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). აღნიშნული ეპარქიის დაქვემდებარებაში გადავიდა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც სხვა, დასავლეთ ევროპაში არსებული სამრევლოები. მიუნხენის ქართული ეკლესია დაარსების დღიდან აერთიანებს და სულიერ მზურნველობას უწევს ქ. მიუნხენისა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოდან დროებით თუ მუდმივად წამოსულ მართლმადიდებელ მრევლს. გარდა ყოველკვირეული წირვა-ლოცვისა, მიუნხენის ეკლესიაში სრულდება ნათლობისა და ჯვრისწერის ღვთისმსახურებანი. ასევე შეკვეთილი წირვები, პარაკლისები, აღსარებები, პანაშვიდები მიცვალებულთათვის და სხვა მსახურებანი.

    მიუნხენის ქართულ სამრევლოში წირვა აღევლინება ყოველ კვირა დღეს 09:30 სთ-ზე და ასევე დიდ დღესასწაულებზე. მიუნხენის ქართული ეკლესიის მოძღვარი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით ემსახურება ასევე ქალაქ შტუტგარტის, ფრანკფურტის და ნიურნბერგის ქართულ სამრევლოებს. ამ სამრევლოებში თვეში ერთხელ აღევლინება საღმრთო წირვა (იხილეთ ღვთისმსახურებათა განრიგი).

    მიუნხენის ქართულ ეკლესიაში ყოველი თვის მესამე კვირას, წირვის შემდეგ იმართება მოძღვრისა და მრევლის შეხვედრა „სულიერი საუბარი“. შეხვედრაზე მოსულ მრევლს საშუალება აქვს დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და მიიღოს პასუხი. ასევე მოძღვარი საუბრობს რომელიმე კონკრეტულ აქტუალურ თემაზე და იკითხება  საინტერესო ნაწარმოებები.

ყოველი თვის მეორე კვირა არის აღსარების დღე. წირვის შემდეგ მოძღვარი ყველა მსურველისგან ისმენს აღსარებას. ასევე მრევლს საშუალება აქვს პირადად ესაუბროს მოძღვარს მისთვის საჭირო და საინტერესო თემებზე.

    მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი თამაზ ლომიძე. თქვენთვის საჭირო კერძო ღვთისმსახურებისათვის, როგორიცაა ნათლობა, ჯვრისწერა და ა.შ. აუცილებელია წინასწარ დაუკავშირდეთ მოძღვარს და შეათანხმეთ დრო (იხ. კონტაქტი).

    ეკლესია მდებარეობს შემდეგ მისამართზე: Kristallstraße 8, 80995 München. ეკლესიაში შეგიძლიათ მოხვიდეთ შემდეგი საზოგადოებრივი ტრანსპორტით: S1 მიმართულება Flughafen, ჩამოდით გაჩერება Moosach-ზე და გადაჯექით Bus 176 ან 710 მიმართულება Karlsfeld, ჩამოდით გაჩერება Kristallstraße-ზე.

    მიუნხენის ქართული ეკლესია სამშობლოს მოწყვეტილი ჩვენი თანამემამულეებისთვის არის ღვთის სახლი, დიდი ოჯახი, იმედი და საყრდენი უცხო ქვეყანაში. ჩვენი ეკლესიის არსებობა და საქმიანობა დამოკიდებულია მრევლის და თითოეული მორწმუნის ნებაყოფლობით შესაწირზე. მიუნხენის ეკლესია წინასწარ მადლობას გიხდით თანადგომისთვის.