სარჩევი:

 

 

            

 

 

„თანამედროვე ქრისტიანები ისევ ძველ აღთქმაში“ 

დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

როცა ვკითხულობთ ბიბლიას თვალშისაცემია მთავრი განსხვავებას ძველსა და ახალ აღთქმას შორის. პარადოქსია, რომ ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით მარადიულია და ცვლილებას არ ექვემდებარება, აბსოლუტურად განსხვავებულად ცხადდება ძველსა და ახალ აღთქმაში. ქრისტემდე, წინასწარმეტყველების პირით ნაქადაგები ღმერთი ღრუბელში, ცეცხლისა და გრგვინვის სახით ეცხადება ადამიანებს. მოსეს, რომელსაც სურს ერთი წამით მაინც მისი დანახვა, იგი ეუბნება: „ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს“. (გამ. 33,20) მისი მცნებები და კანონები სასტიკემდე მკაცრი და თითქმის შემაძრწუნებელად საშიშია. იგია ღმერთი სამართლიანი  და ამავე დროს ამ ქვეყანაზე მებრძოლი, სასტიკად დამსჯელი, გამომცდელი, მდევნელი, შურისმაძიებელი და ცოდვის მომკითხავი შთამომავლობაში. ღმერთს სურს, რომ გამოსცადოს აბრაამის რწმენა და სთხოვს, რომ ერთგულების ნიშნად ერთადერთი შვილი დაუკლას სამსხვერპლოზე და შესწიროს მსხვერპლად. (დაბ. თ.22) მოსეს პირით ღმერთი ებრაელებს აძლევს უფლებას, რომ თუ კაცს თავისი ცოლი რაღაც დროის შემდეგ, რაიმე მიზეზის გამო აღარ მოეწონება, შეუძლია დაუწეროს განტევების წერილი და უბრალოდ გაუშვას  სახლიდან. თუ მას სხვა კაცი შეირთავს და ისიც გაუშვებს, პირველ ქმარს აღარ შეუძლია შეირთოს, რადგან ამითი კაცი შეიბილწება და ა.შ. (2 რჯ. 24, 1-3). ამ მცნების მიხედვით ქალს, როგორც ადამიანს თითქოს ღირებულება არ გააჩნია ღვთის წინაშე. ძველი აღთქმის ღმერთი ებრაელებს აძლევს მითითებებს თუ რა უნდა ჭამონ და რა არა, რას უნდა შეეხონ და რას არა, იმისთვის რომ სიწმინდე შეინარჩუნონ. (ლევ. 11) ძველ აღთქმაში ღმერთი ერევა საბრძოლო საქმეებშიც და საომრად  მიმავალ ისუ ნავეს ძეს კონკრეტულ მითითებებს აძლევს, თუ როგორ უნდა დაანგრიონ ქალაქ იერიხონის  გალავანი და აიღონ იგი: „ უთხრა უფალმა ისუს: დამაცადე, ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს, მის მეფეს და მებრძოლებს.“ (ისუ ნავეს ძე, თ. 6,2).  ქალაქში შეღწევის შემდეგ ისუს ბრძანებით: „გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.“ (იქვე, თ. 6, 21) ამ საქმეში თვით უფალი მფარველობს ისუს: „უფალი იყო ისუსთან და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში.“ (იქვე, თ. 6,27).  წინასწარმეტყველ ილიას ბრძანებით,  როდესაც იგი  ღვთის შეწევნით დაამარცხებს ბაალის ქურუმებს, ებრაელები შეიპყრობენ მათ, ხევში ჩაიყვანენ და ცრუ წინასწარმეტყველებს ღვთის სახელით ხმლით ჩახოცავენ. (3 მეფეთა, 18,36-40)  მოსე წინასწარმეტყველიც აძლევს მათ მცნებას, რომ თუ ცოდვაზე შეიპყრობენ მეძავს ქვით უნდა ჩაქოლონ იგი. ძველი აღთქმის ღმერთი, მოსეს პირით შეუთვლის ებრაელებს: „მე ვარ უფალი,.. შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.“ (გამოს, 20,1-5, რიცხ. 14,18) ღმერთი ჰპირდება ადამიანებს, რომ მათი დანაშაულისათვის  შვილიშვილი და შვილთაშვილი დაისჯება.

სრულიად განსხვავებულია იესო ქრისტეს და მისი მოციქულების მიერ ნაქადაგები  ღმერთი ახალ აღთქმაში. იგი მარადიულად მასში მყოფ ძეს უგზავნის ადამიანებს და ის განკაცებულად, თავმდაბალი ადამიანის სახით, ხილულად მოდის ქვეყანაზე. იგი  არ თაკილობს ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან შეხებას და საუბარს. იესო ქრისტეს მამა და ღმერთი არის უპირველესად სიყვარულის ღმერთი, ლმობიერი და მოწყალე, შემნდობი და შემბრალებელი. იგი არ სდევნის ცოდვილს  და არ იძიებს შურს დამნაშავეზე. როგორც კეთილი მწყემსი დადის და ეძებს დაკარგულს, შეცდომილს და უხარია, როცა იპოვის. (ლკ. 15,3-32) ღმერთისთვის ადამიანი აღარ არის მონა, რომელიც შიშისაგან ძრწის მის წინაშე, არამედ ადამიანი ხდება უფლებამოსილი შვილი ღვთისა, რომელმაც უკვე ყველაფერი იცის თავისი ღმერთის შესახებ „უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“ (ინ. 15,15)  მისთვის ერთნაირად ძვირფასია ყველა: მეფე თუ მსახური, მორწმუნე თუ ურწმუნო, მართალი თუ ცოდვილი, ქალი თუ კაცი განურჩევლად მოქალექეობასა თუ ეროვნებასა. (გალ. 3,28)  მას არ სჭირდება მორწმუნისგან ფიცი და დამტკიცება რწმენისა „...მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ...ნურც მიწას, ...ნურც შენს თავს დაიფიცავ...არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.“ (მთ. 5,34-37). მისთვის, როგორც პიროვნება, ღმერთის წინაშე თანასწორია ქალი და კაცი. მათი კავშირი დაურღვეველია და  მხოლოდ ნებაყოფლობითი სიყვარულის შედეგია: “ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.“ (მთ. 19,5-6), „ასევე  თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს ცოლი თვისი,  როგორც საკუთარი თავი. (ეფ. 5,33)  ქრისტეს სწავლებით  საკვები და მატერიალური ნივთები კი არ შებილწავს ადამიანს, არამედ მხოლოდ „პირიდან გამომავალია ის, რაც გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.“ (მთ. 15,10-20) ქრისტე ზეციური სასუფეველს უქადაგებს მორწმუნეთ და ამქვეყნიური მიწა-წყალი, ქალაქი თუ სახლკარი არაფერს არ ნიშნავს მისთვის: „მელიებს სოროები აქვთ, და ცის ფრინველებს - ბუდეები, ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.“ (მთ. 8,20) იგი არ მოუწოდებს ომისა და ბრძოლისაკენ, რომ აღარფერი ვთქვათ საბრძოლო ტაქტიკაში ჩარევაზე. იგი ეუბნება მისი სიცოცხლის დასაცავად ხმალამოღებულ პეტრეს: “ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.“ (მთ. 26,52)  მეძავი ქალის ჩასაქოლად შეკრებილ ებრაელებს იგი ამხელს სიტყვებით: „ვინც უცოდველია თქვენს შორის, პირველად იმან ესროლოს ქვა.“ (ინ. 8,7)  ამით სიკვდილისაგან იხსნის ცოდვილს, რადგან ღმერთს ჰნებავს  „წყალობა და არა მსხვერპლი“.

რატომ არის ღმერთი ასე განსხვავებული ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ?   ეს კითხვა სტანჯავდა 1 საუკუნის ბოლოს ცნობილ  ერეტიკოს მარკიონსაც (85-160 წწ.).  მას არ შეეძლო დაეშვა, რომ ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი შეიძლებოდა ერთი და იგივე  ყოფილიყო. საბოლოოდ მარკიონი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ორი განსხვავებული ღმერთი. ბოროტი ღმერთი, რომელიც მხოლოდ სამყაროს შექმნაზე, კანონებზე და სამსჯავროზეა პასუხისმგებელი და კეთილი, სიყვარულის ღმერთი,  რომელიც იესო ქრისტემ უქადაგა ადამიანებს. შესაბამისად იგი უარჰყოფდა მთელს ძველ აღთქმას.  მარკიონის სწავლება დაგმო ეკლესიამ და იგი ცნობილია, როგორც მარკიონის მწვალებლობა. მაგრამ, კითხვა რჩება კითხვად და ითხოვს პასუხს.   ჩვენ კარგად უნდა   გავიაზროთ, რომ ამ პრობლემის სწორად გადაწყვეტა ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ქრისტიანული  საზოგადოებისათვის. პასუხი ერთადერთია: ღმერთი ყოველთვის ერთი და იგივეა, მხოლოდ კაცობრიობა და თითოეული ადამიანი აღიქვამს მას ისე, როგორი ზნეობის და შეგნებისაც იგი თვითონ არის ისტორიული განვითარების  ამა თუ იმ  ეტაპზე.

ამას ადასტურებს იესო ქრისტეს პასუხი ებრაელებისადმი, როცა ისინი განტევების წერილით ცოლის სახლიდან გაშვების სასტიკ წესს ამართლებენ იმით, რომ თვით წინასწარმეტყველმა მოსემ მისცა მათ ეს მცნება. მათ იესოს აზრი აინტერესებთ. ხოლო ქრისტე ეუბნება: „თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ მოსემ ეგ მცნება. თავიდან კი არ იყო ასე.“(მთ. 19,8) ნათელია, რომ გულქვა ებრაელები მოსეს დროს მაინც აგდებდნენ სახლიდან ცოლებს, რომლებიც აღარ მოსწონდათ. ამ სისატკის შემხედვარე მოსემ, იმისთვის, რომ როგორმე  დაეცვა უქმროდ დარჩენილი, ქალები მისცა მათ მცნება, რომ განტევების წერილით (რაღაც საბუთით) მაინც გაეშვათ ცოლი სახლიდან, რათა ქალი მთლად დაუცველი არ ყოფილიყო.

ძველი აღთქმის ბევრი მცნება არის იმდროინდელი ადამიანის სისატიკიდან გამომდინარე კომპრომისი და არა ღვთის აუცილებელი ნება. ამიტომაც, ძველი აღთქმის ყველა მცნება თანამედროვე ქრისტიანებს სახელმძღვანელოდ ვერ გამოგვადგება.

                                                                                                                                                                                                                                     დეკანოზი თამაზ ლომიძე

                                                                                                                                                                                        2 ივლისი, 2013 წ.

 

დაბრუნება სარჩევში

 

„ადამიანის სულიერი გათავისუფლება. გამარჯვება შიშზე და სიკვდილზენიკოლაი ბერდიაევი

 

ადამიანი მონობაში იმყოფება. ის  ხშირად  ვერ ამჩნევს საკუთარ მონობას და ზოგჯერ უყვარს იგი. მაგრამ, ადამიანი ასევე მიისწრაფვის გათავისუფლებისაკენ. მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ საშუალო ადამიანს უყვარს თავისუფლება. უფრო მეტად მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ თავისუფლება ადვილია. თავისუფლება რთულია. უფრო ადვილია მონობაში დარჩენა. თავისუფლების სიყვარული და სწრაფვა გათავისუფლებისაკენ უკვე ადამიანის გარკვეული სიმაღლის მაჩვენებელია. ეს სწრაფვა გვიჩვენებს, რომ  ადამიანი შინაგანად ამთავრებს მონობას. ადამიანში არის ამქვეყნისაგან დამოუკიდებელი და არადეტერმინირებული სულიერი საწყისი. ადამიანის განთავისუფლება არის არა ბუნების, გონებისა თუ საზოგადოების მოთხოვნა, როგორ ხშირად თვლიან, არამედ ეს არის სულის მოთხოვნილება. ადამიანი  არ არის მხოლოდ სული. იგი რთული შედგენილობისაა. იგი ასევე არის ცხოველიც, მატერიალური სამყაროს გამოვლინებაც, მაგრამ, ადამიანი იმავდროულად არის სულიც. სული არის თავისუფლება და თავისუფლება არის სულის გამარჯვება. მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ადამიანის მონობა ყოველთვის ადამინის ცხოველურ-მატერიალური ნაწილის ძალაუფლებიდან გამომდინარეობს. თვით ადამიანის სულიერ ნაწილშიც შეიძლება არსებობდეს მძიმე სნეულებანი, შეიძლება არსებობდეს გაორება, შეიძლება არსებობდეს ექსტერიორიზაცია და სულის გაუცხოვება, შეიძლება არსებობდეს თავისუფლების დაკარგვა და სულის ტყვეობა. ამაშია ადამიანის მონობისა და თავისუფლების  პრობლემის მთელი სირთულე.

     სული განიცდის ექსტერიორიზაციას, გამოდის გარეთ, როგორც აუცილებლობა მოქმედებს ადამიანზე და ადამიანიც  უბრუნდება თავის თავს, თავის შინაგანს  ანუ თავისუფლებას. ამ სულიერი  პროცესის ერთი მხარე ესმოდა ჰეგელს, მაგრამ, ესმოდა ნაწილობრივ. მას  არ ესმოდა ალბათ უმთავრესი. თავისუფლად ადამიანი თავს უნდა გრძნობდეს არა ობიექტივირებული სამყაროს განაპირას, არამედ სულიერი სამყაროს ცენტრში. გათავისუფლება ზუსტადაც არის ყოფნა ცენტრში და არა განაპირას. გათავისუფლება მდგომარეობს რეალურ სუბიექტურობაში და არა იდეალურ ობიექტურობაში. მაგრამ, სულიერი კონცენტრაცია, რომლისკენაც მოგვიწოდებს სულიერი ცხოვრების ყველა დარიგება, თავისი შედეგებით  შეიძლება ორმხრივი აღმოჩნდეს. ეს სულიერი კონცენტრაცია იძლევა სულიერ ძალას და დამოუკიდებლობას ადამიანის მტანჯველი მრავლობითობისაგან. მაგრამ, სულიერ კონცენტრაციას  შეუძლია შეზღუდოს შემეცნება და გამოიწვიოს შეპყრობა ერთი იდეით. ამ შემთხვევაში სულიერი გათავისუფლება გადაიქცევა ხიბლისა და მონობის ახალ ფორმად.  ეს იციან ადამიანებმა, რომელნიც სულიერი გზით მიდიან. სიმანდვილიდან მხოლოდ გაქცევას ან სინამდვილის  უარყოფას არასოდეს  მოაქვს გათავისუფლება. სულიერი გათავისუფლება არის ბრძოლა. სული არ არის განყენებული იდეა ან უნივერსალია. არა მარტო ადამიანი, არამედ ძაღლი, კატა, ქინქლა წარმოადგენს ბევრად ეგზისტენციალურ ფასეულობას, ვიდრე განყენებული იდეა, ვიდრე საერთო უნივერსალურობა. სულიერ გათავისუფლებას თან სდევს გადასვლა კონკრეტულზე და არა აბსტრაქტულზე. ამას გვიმოწმებს სახარება და ამაშია სახარების პერსონალურობა. სულიერი გათავისუფლება არის გაუცხოების ძალაუფლებაზე გამარჯვება. ამაში მდგომარეობს სიყვარულის საზრისი. მაგრამ, ადამიანი ამას ვერ ამჩნევს და  ადვილად ხდება მონა. ადამიანი თავისუფლდება იმიტომ, რომ მასშია სულიერი საწყისი, მასშია უნარი არ დაექვემდებაროს გარედან დეტერმინირებას. მაგარამ, იმდენად რთულია ადამიანის ბუნება და იმდენად არეულია მისი არსებობა, რომ ერთი მონობიდან მას შეუძლია ჩავარდეს სხვა  მონობაში, ჩავარდეს აბსტრაქტულ სულიერებაში, დაემონოს საერთო იდეის მადეტერმინირებელ ძალას. სული ერთიანია, მთლიანი და იქვემყოფია ყველა მის მოქმედებაში. მაგრამ ადამიანი არ არის სული, მას მხოლოდ აქვს სული და ამის გამო თვით  მის სულიერ  აქტებშიც შესაძლებელია გაორება, გაუცხოება და სულის გადასხვაფერება. საბოლოო გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ კავშირით ადამიანის სულისა ღმერთის სულთან. სულიერი გათავისუფლება ყოველთვის არის მოქცევა უფრო დიდი სიღრმისაკენ, ვიდრე თვით ადამიანში არსებული სულიერი საწყისია. ეს არის მოქცევა ღმერთისაკენ. მაგრამ, ღმერთისკენ მოქცევაც შეიძლება დაზიანდეს სნეულებით და კერპთაყვანისცემად გადაიქცეს. ამიტომ საჭიროა მუდმივი განწმენდა.  ღმერთს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ თავისუფლებაზე, თავისუფლებაში და თავისუფლების მეშევეობით. იგი არ მოქმედებს აუცილებლობაზე, აუცელობლობაში და აუცილებლობის მეშევეობით. იგი არ მოქმედებს ბუნების და სახელმწიფოს კანონებში. ამიტომაც სწავლება წინასწარგანზრახვისა და მადლის შესახებ გადახედვას საჭიროებს. ტრადიციული სწავლებანი ამ საკითხზე მიუღებელია.

ადამიანის სულიერი გათავისუფლება არის ადამიანში პიროვნების რეალიზაცია. ეს არის მთლიანობის მიღწევა. ამასთან ერთად ეს არის დაუღალავი ბრძოლა. პიროვნების რეალიზაციის მთავარი საკითხი არ არის მატერიის დეტერმიანციაზე გამარჯვების საკითხი. ეს მხოლოდ ერთი მხარეა საკითხისა. ძირითადია მონობაზე გამარჯვების მთლიანობის საკითხი. სამყარო ცუდია არა იმის გამო, რომ მასში არის მატერია, არამედ იმის გამო, რომ იგი არ არის თავისუფალი, იგი დამონებულია. მატერიის სიმძიმე გამოიწვია სულის არასწორმა მიმართულებამ. ძირითადი წინააღმდეგობა არის არა სულსა და მატერიას, არამედ თავისუფლებასა და მონობას შორის. სულიერი გამარჯვება არ არის მხოლოდ მატერიაზე ადამიანის  ელემენტარულ დამოკიდებულებაზე გამარჯვება. უფრო რთულია გამარჯვება ძნელად ამოსაცნობ ცრუ ილუზიებზე, რომელნიც მონობაში აგდებენ ადამიანს. ბოროტება ადამიანურ  არსებობაში ჩნდება  არამარტო ღიად, არამედ სიკეთის ცრუ ნიღაბითაც. კერპები, რომელთაც ეთაყვანება ადამიანი სიკეთის სახეს იღებენ. ანტიქრისტეს შეუძლია ქრისტესთან ცრუ მსგავსებით მოხიბლოს ადამიანები. ასეც ხდება ქრისტიანული სამყაროს შიგნით. ბევრი უნივერსალურად საზოგადო, განყენებული იდეა არის ამაღლებული სახით წარმოდგენილი ბოროტება. ამაზეა საუბარი ჩემს ამ  წიგნში.  არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ საჭიროა ცოდვისგან გათავისუფლება. ცოდვა არამარტო პრიმიტიული სახით გვხვდება და გვაცდუნებს, არამედ შესაძლებელია ასევე შეპყრობილობა ცოდვის იდეით და ცოდვასთან ცრუ ბრძოლით, რასაც ყოველგან ვხვდებით ცხოვრებაში.  ადამიანს იმონებს არა მარტო ნამდვილი ცოდვა, არამედ ცოდვის იდეით შეპყრობილობა, რაც ანადგურებს მთელ მის ცხოვრებას. ეს არის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მონური გაუკუღმართება. მონობა, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც  ძალადობას გარედან ნაკლებად საშიშია, ვიდრე მონობა, რომელიც ხიბლავს მას და რომელიც  შეიყვარა მან. დემონურ ხასიათს იძენს ყველაფერი ფარდობითი, როცა ის აბსოლუტური ხდება, ყველაფერი სასრული გადაქცეული უსასრულოდ, ყველაფერი პროფანული გადაქცეული საკრალურად, ყველაფერი ადამიანური გადაქცეული ღვთაებრივად. დემონურად შეიძლება გადაიქცეს ურთიერთობა სახელმწიფოსთან, ცივილიზაციასთან და თვით ეკლესიასთანაც კი. არსებობს ეკლესია, როგორც ერთობა ეგზისტენციალური თვალსაზრისით და არსებობს ეკლესია, როგორც ობიექტივაცია, როგორც სოციალური ინსტიტუტი. როცა ეკლესია, როგორც ობიექტივაცია და სოციალური ინსტიტუტი მიიჩნევა წმინდად და უცოდველად,  მაშინ იწყება კერპების შექმნა და ადამიანის მონობა. ეს არის რელიგიური ცხოვრების გაუკუღმართება და დემონური ელემენტი მის შიგნით.  ადამიანის ცხოვრება დასახიჩრებულია გამოგონილი, გადაჭარბებული, და ეგზალტირებული ვნებებით. ასევე რელიგიური, ნაციონალური, სოციალური და დამამცირებელი  შიშებით. ამ ნიადაგზე აღმოცენდება ადამიანის დამონება. ადამიანს ძალუძს  სიყვარული ღმერთისა და უმაღლესი იდეისადმი ყველაზე საშინელ მონობად გადააქციოს.“

 

                                                                                                                                                                            წიგნიდან: N.A. Berdjaev „O Rabstve i Svobode Cheloveka“, Russ. Izdatel. Respublika 1995

                                                                                                                                                                            რუსულიდან თარგმნა  დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

 

დაბრუნება სარჩევში

 

 

ნიკოლაი ბერდიაევი,

იწიერი სამეფოს ხიბლი. სახელწიფოს ორმაგი სახე

 

მიწიერი სამეფოს ხიბლი კაცობრიობის ისტორიის უდიდესი საცდურია. მასში დაფარულია ყველაზე დიდი დამმონებელი ძალა. სამეფოს ხიბლი ისტორიის მანძილზე სრულიად განსხვავებულ ფორმებს იღებს, განიცდის ტრანსფორმაციას  და დაბნეულობაში შეჰყავს ადამიანები. დიადი სამეფოს საცდური არ სტოვებს ადამიანს მთელი მისი ისტორიის მანძილზე: ძველი აღმოსავლეთის იმპერიები, რომის იმპერია, პაპის თეოკრატია, წმინდა ბიზანტიის იმპერია, მოსკოვის სამეფო - მესამე რომი, პეტრეს იმპერია, კომუნისტური სამეფო, მესამე გერმანული სამეფო. მიწიერი სამეფოს მთელი საგანგაშო და დამაბნეველი პრობლემა განპირობებულია იმით, რომ ადამიანი მოწოდებულია მეფობისათვის. მეფობის ოცნებით შეპყრობილი ადამიანი ეძებს საკუთარ მიწიერ სამეფოს და ძალებს ხარჯავს  მის შესაქმნელად.  მაგრამ, ეს სამეფო იმონებს მას. ამას ყოველთვის ვერ ამჩნევს ადამიანი და ტკბილი მონობა მას აღარ ეჩვენება   მონობად. სამეფოს ძიებაში ადამიანი დებს საკუთარ წყურვილს უნივერსალურობისადმი. თავის საოცნებო სამეფოს იგი აიგივებს მსოფლიო ერთიანობასთან, კაცობრიობის საბოლოო გაერთიანებასთან. ამქვერნიური სამეფოს ხიბლი ერთ-ერთია  ქრისტეს მიერ უარყოფილი სამი საცდურიდან  უდაბნოში. ეშმაკმა მაღალი მთიდან უჩვენა ქრისტეს „მსოფლიოს ყველა სამეფო და დიდება მათი“ და შესთავაზა თაყვანი ეცა მათთვის. ალბათ, ამ სამეფოთა შორის ქრისტეს სულიერ ხედვას წარმოუდგა მსოფლიოს ყველა სხვა სამეფოებიც, რომელნიც ქრისტიანულს დაარქმევდენენ თავის თავს. ასევე სამეფოთა ყველა სახეცვლილებაც ქვეყნის აღსასრულამდე. ქრისტემ უარჰყო ეს საცდური და უარჰყო სამუდამოდ მსოფლიოს ყველა სხვა სამეფოებისთვისაც. ქრისტიანებმა არ მიჰბაძეს ქრისტეს და დაემონნენ მიწიერ სამეფოებს. იმავდროულად ქრისტეს სამეფო მკრეხელურად შეურიეს და შეუერთეს მიწიერ სამეფოს. ქრისტე მოუწოდებდა უპირველეს ყოვლისა ეძებნათ ღვთის სასუფეველი და სიმართლე მისი.  ქრისტიანები კი ამ ძიებაში საშინლად შეშინდნენ, როცა იგრძნეს, რომ ცათა სასუფეველის ძიება შეიძლება დამღუპველი აღმოჩნენილიყო მათი მიწიერი სამეფოსათვის. ამით მათ შეასწორეს ქრისტეს საქმე, როგორც ამბობს დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორი. სამეფოს ხიბლის მარადიული საცდურის ეგზისტენციალური დიალექტიკა გენიალურად არის განხილული „ლეგენდაში დიდ ინკვიზიტორზე“. მასში დევს ქრისტიანული ანარქიზმის ყველაზე ძლიერი დასაბუთება. თუმცაღა, თვითონ დოსტოევსკიც არ იყო თავისუფალი სამეფოს საცდურისაგან (მართლმადიდებლური თეოკრატია). მცნებას „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“ ჩვეულებრივ  განმარტავენ, როგორც მოწოდებას კეისრის სამეფოს და ღვთის სამეფოს მშვიდობიანი, უკონფლიქტო თანცხოვრებისაკენ. მაგრამ თვითონ ქრისტეს ცხოვრება უკიდურეს დაძაბულობამდე მიყვანილი კოფლიქტი იყო. არსებითად „კეისრის სამეფო“ არასოდეს აღიარებდა „ღვთის სამეფოს“, როგორც დამოუკიდებელ სფეროს და მუდამ ითხოვდა მისგან სამსახურს და ცდილობდა გადაექცია თავის იარაღად. კეისრის სამეფო მხოლოდ იმ შემთხვევაში ეგუებოდა ქრისტიანობას, თუ იგი მას შეეწყობოდა და ემსახურებოდა. ასეთი მორჩილების საზღაურად ქრისტიანობა იღებდა ყოველგვარ პრივილეგიებს. ცხოვრების ისეთ საშიში მოვლენა, რასაც ტოტალიტარული სახელმწიფოს ეწოდება, სრულებითაც არ არის დროებითი ან შემთხვევითი მოვლენა გარკვეული ეპოქისა. ამაში ცხადდება სახელმწიფოს, სამეფოს ნამდვილი ბუნება. ტოტალიტარულ სახელმწიფოს  სურს თვითონ დაიკავოს ეკლესიის ადგილი, იმბრძანებლოს სულებზე, სინდისზე და აზროვნებაზე. იგი არ ტოვებს ადგილს ცათა სასუფეველისა“ და სულის თავისუფლებისათვის. მაგრამ, სახელმწიფო თავისი ბუნებიდან გამომდინარე პრეტენზიას აცხადებს საყოველთაო, ყოვლისმომცველ მნიშვნელობაზე. მას არავისთან და არაფერთან არ სურს სუვერენიტეტის გაყოფა. უნდა გამოვყოთ განსხვავება  სამეფოს, იმპერიას და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფოს ჯერ კიდევ გააჩნია პარტიკულარული ნიშან-თვისებები, გაცნობიერებული აქვს თავისი საზღვრები და სახელმწიფოს ეს ელემენტები და ფუნქციები ნებისმიერ ადამიანურ თანაცხოვრებასაც ახლავს. მაგრამ, სახელმწიფოში ჩადებულია ლტოლვა ძალაუფლებისადმი. მასში უკვე არის იმპერიალისტური შხამი. სახელმწიფოს გაფართოვებას მოსდევს  იმპერია, რომელიც უკვე არა პარტიკულარულ, არამედ უნივერსალურ ხასიათს ატარებს. ეს არის სახელმწიფოს ფატალური დიალექტიკა. ინგლისი პატარა სახელმწიფოა მაგრამ, ბრიტანეთის იმპერია მსოფლიო სამეფოა. ბიზანტიის და რუსეთის წმინდა სამეფოებს პრეტენზია ჰქონდათ უნივერსალური მნიშვნელობაზე.  პირველი, მეორე და მესამე რომი უნივერსალური სამეფოებია. არსებითად, იმპერატორი, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი მისიის და ტიტულის სიწმინდე, მსოფლიო იმპერატორია. თუ სახელმწიფო მიისწრაფვის, რომ გახდეს იმპერია, მაშინ იმპერია მიისწრაფვის, რომ გახდეს მსოფლიო იმპერია. საკუთარი მსოფლიო მნიშვნელობა სამეფო-იმპერიებს შეგნებული ჰქონდათ არა იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოს ზედაპირზე იყვნენ გადაჭიმული, არამედ იმის გამო, რომ ისინი დაფუძნებულნი იყვნენ ჭეშმარიტ, მსოფლიო სარწმუნოებაზე. კომუნისტურ სამეფოს, რომელიც იმპერიალიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა, იგივე თვისებები გააჩნია, რაც ბიზანტიურ და მოსკოვის წმინდა სამეფოებს.  სახელწიფო ყოველთვის მიისწრაფვოდა ტოტალიტარულობისაკენ. ყველა თეოკრატიული სახელმწიფოები და იმპერიები ტოტალიტარულნი იყვნენ. პლატონის რესპუბლიკაც ტოტალიტარული სახელწიფო იყო. ეს იყო აბსოლუტური სახელმწიფო და უარჰყოფდა ადამიანის პიროვნების ყოველგვარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. იგი ერთდროულად იყო წინასახე შუასაუკონოვანი თეოკრატიის და ამავე დროს წინასახეც თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოსი. მათ შორის კომუნისტურისაც. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიო პრინციპთან, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენასთან. სახარებიდან გამომდინარე,  მბრძანებლობს ყოველთვის „მთავარი ამა სოფლის“.  მხოლოდ იგი ექცევა სახელმწიფოსა და იმპერიის სათავეში. მაგრამ, „მთავარი ამა სოფლის“ არა არის ნეიტრალური პირი, რომელიც  შეიძლება განვიხილოთ  ღმერთისა  და ეშმაკის სამეფოებს შორის.  ეს არის პირი, უმაღლეს ხარისხით აგრესიული და შემტევი, მუდამ წინააღმდეგი სულიერი თავისუფლებისა და ღვთის სასუფეველისა.  „მთავარი ამა სოფლისა“ იმყოფება ობიექტივაციის, ექსტერიორიზაციის და ადამიანური ბუნებისაგან გაუცხოების უკიდურეს ზღვარზე. ფილოსოფიურ ენაზე დაპირისპირება ღვთის სასუფეველსა და კეისრის სამეფოს შორის  წარმოადგენს კონფლიქტს:  სუბიექტსა და ობიექტს შორის, თავისუფლებასა და აუცილებლობას შორის, სულსა და ობიექტივირებულ ბუნებას შორის. ეს ყველაფერი კი კვლავ ადამიანის მონობის პრობლემას განეკუთვნება.“

 

                                                                                                                                                                                    (N.A. Berdjaev „O Rabstve i Svobode Cheloveka“, Russ. Izdatel. Respublika 1995),

                                                                                                                                                                                    რუსულიდან თარგმნა  დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

 

დაბრუნება სარჩევში

 

 

 

სულიერება თუ აზროვნება?

რას გვასწავლის მართლმადიდებლობა.

 

ნამდვილი, მართლმადიდებლური ქრისტიანობის საფუძველში დევს პოსტულატი, რომელიც გადამწყვეტია როგორც თითოეულისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვისაც ქრისტიანულ ქვეყანაში: ესაა იესო ქრისტეს პიროვნებაში შეურევნელად არსებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი. ერთ პიროვნებაში მყოფი სრული ღმერთი და იქვე, ღვთაებრივი ბუნებისგან დამოუკიდებლად მყოფი სრულყოფილი ადამიანი, კაცი ზნეობრივი, მოაზროვნე და გონიერი. ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება განაცხადებდა ღვთაებრივ ნებას, ხოლო მისი კაცობრივი ბუნება მაგალითი იყო უცოდველი, სრულყოფილი, განათლებული, ზუსტად მოაზროვნე და ზნეობრივი ადამიანისა. ასეთ სრულყოფილებაში უნდა დავემსგავსოთ ქრისტიანები ქრისტეს: უხილავი რწმენა ღმერთისა და იმავდროულად სწრაფვა სრულყოფილი ადამიანური თვისებებისკენ:  უხილავი რწმენა და იქვე ხილული სიტყვა და საქმე, უხილავი რწმენა და იქვე ხილული სწავლა და განათლება, უხილავი რწმენა და იქვე კაცთმოყვარებით აღზრდა და სუფთა ზნეობა.

 "იყავით სრულნი, როგორც მამაი თქვენი ზეცათა სრულ არს" (მთ. 5,48). ქრისტეს ეს მოწოდება უპირველესად ადამიანის გონებისა და ადამიანური თვისებების სრულყოფილებას გულისხმობს. ადამიანურ ბუნებაში კი, უმთავრესია გონება. გონებაში იბადება ყველა აზრი და გონებაა წარმმართველი ყველა ჩვენი ქმედებისა. გონებაში დაბადებულ აზრს, გამოთქვამს სიტყვა და შემდეგ იქცევა საქმედ. როგორც ყოვლადწმინდა სამებაში უპირველესია მამა, ხოლო ძე და სული წმინდა მისგან გამოდიან და ეს სამნი ღვთაებრივი ჰარმონიულობით ერთნი არიან, ასევე, ადამიანშიც მთავარია გონება, ხოლო სიტყვა და საქმე მისგან გამოდიან. სწორედ ასეთი, გონიერი ადამიანი, რომელის პიროვნებაშიც ნათელ გონებასთან ჰარმონიულად არის შერწყმული მისი სიტყვა და საქმე მსგავსია და ხატია ღვთისა. ისმის კითხვა: რა კავშირშია ადამიანის სული მის გონებასთან? კავშირშია კი სულიერი ცხოვრება აზროვნებასთან, გონებასთან და თუ გნებავთ მეცნიერებასთანაც? წმ. იოანე დამასკელი ეკლესიისთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის ნაშრომში "წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", თავში ადამიანის შესახებ წერს: "ამრიგად, ... ხილული და უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა მან (ღმერთმა) ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული." (თავი 26). იქვე ეკლესიის მამა გვაძლევს ადამიანის სულის ზუსტ განმარტებას: "სული არის არსება ცოცხალი, მარტივი, უსხეულო, თავისი ბუნებით სხეულებრივ თვალთაგან უხილავი, უკვდავი, მოაზროვნე და გონისმიერი, უაღნაგობო, ორგანული სხეულით მოსარგებლე და მისთვის სიცოცხლის, ზრდის, გრძნობისა და შობადობის მიმნიჭებელი, გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა, რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონებაც თვითუფლებრივი, მნებებელი და მოქმედი" (იქვე). ამ სწავლებიდან გამომდინარე, რომელიც ვიმეორებთ, მართლმადიდებელი რწმენის ერთ-ერთი მთავარი დოქტრინაა, ნათელია, რომ რადგან მოაზროვნე და გონისმიერი სული მიანიჭა უფალმა ადამიანს, არ არსებობს სულიერება გონების გარეშე. შეუძლებელია ქრისტიანობა აზროვნების გარეშე. "როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონებაც" (წმ. იოანე დამასკელი). .. როგორც თვალი ხედავს ხილულ საგნებს და გზას უჩვენებს სხეულს, ასევე გონება არის სულის თვალი და სულიერ გზას უჩვენებს ადამიანს. "თუ თვალი შენი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც." (ლკ. 11,34) - თუ ნათელია გონება შენი, ნათელია იქნება შენი სულიერი სამყაროც.

მორწმუნე, რომელსაც სჯერა, რომ გამოთიშული გონებით, მხოლოდ ემოციებით და ინსტიქტებით, მხოლოდ ეკლესიური წესების შესრულებით და სწავლის, ფიქრის და აზროვნების გარეშე შესძლებს ღვთისსათნო ცხოვრებას მწარედ ცდება. ასეთი "სულიერი" ცხოვრება არის მხოლოდ ილუზია, ხიბლი და დასაბამი მრავალი უბედურებისა.

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე

23.05.13

 

დაბრუნება სარჩევში

 

 

ველაზე ბუნებრივი კითხვა ურწმუნო ადამიანებისათვის

 

ყველაზე ბუნებრივი კითხვა ურწმუნო ადამიანებისათვის - რატომ არსებობს ჯოჯოხეთი? თუ ღმერთი თვით სიყვარულია, მაშინ რატომ იმეტებს იგი ადამიანებს სამუდამო ტანჯვისთვის? პასუხი, ამ თითქოს და ამოუხსნელ კითხვაზე, სინამდვილეში მარტივია.

მთავარი აქ სხვაა. ქრისტიანობა ამ ქვეყანაზე იმის სათქმელად არ მოსულა, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. ჯოჯოხეთი - გარდაცვლილების ბნელი სამეფო, ქრისტიანობამდე არსებულმა თითქმის ყველა კულტურამ იცოდა. თავისი აღდგომით ქრისტემ ადამიანებს სიკვდილის კი არა, სიცოცხლის საიდუმლო გაუხსნა - სამოთხის საიდუმლო. სამწუხაროდ, ჩვენი წარმოდგენა სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე, ძალიან შორს არის ქრისტიანულისგან. სიტყვა ‘’ჯოჯოხეთი’’, ბევრ ჩვენ თანამედროვეს გაიგივებული აქვს საბჭოთა კავშირის დროინდელ ჟურნალ ‘’კროკოდილში’’(ნიანგში) დაბეჭდილ სურათებთან, ტაფები, რომლებსაც ხარბად ლოკავს ჯოჯოხეთის ალი, ცოდვილები, რომლებიც ამ ტაფებზე იხრუკებიან და რქიანი ეშმაკები, უმოწყალოდ რომ აწვალებენ ამ ადამიანებს. გარწმუნებთ, რომ ამ სურათებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანული გაგებით სამუდამო ტანჯვასთან. თუ ამის წარმოდგენა გსურთ, მე გირჩევთ ნახოთ თანამედროვე რუსული ფილმი, ვალერი ტოდოროვსკის ბოლო ნამუშევარი - ‘’ყრუების ქვეყანა’’. იქ არის სცენა, რომელიც არაჩვეულებრივად გადმოსცემს ჯოჯოხეთის განცდას. იმათთვის, ვისაც ეს ფილმი არ უნახავს - მთავარი გმირი - ახალგაზრდა ქალი. მისი შეყვარებული - აზარტული მოთამაშე, - რომელსაც უზარმაზარი ვალი აქვს. ქალიშვილი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად აგროვებს ამ თანხას, მისი შეყვარებული(მოთამაშე!) კი ვალის დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ სცდის ბედს და ... რა თქმა უნდა, ყველაფერს წააგებს. შემდეგ გულის განმგმირავი სცენა; არც ერთი საყვედური და სალანძღავი სიტყვა, ერთადერთი რასაც ქალი ცდილობს, დაამშვიდოს შეყვარებული. ის ამბობს, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მათ ერთმანეთი უყვარდეთ, რომ ფული არ არის მთავარი და რომ ის კიდევ იშოვის. პასუხად მამაკაცი ‘’ფეთქდება’’ და აგდებს შეყვარებულს, ყვირის, რომ არ შეუძლია მასთან ყოფნა, აწუხებს იმის შეგრძნება, რომ თვითონ უკანასკნელი ნაძირალაა, - ისევ წააგო ფული, პასუხად კი მხოლოდ სიყვარულს ღებულობს და არა გაკიცხვას. ასეთი გრძნობის მიღება არ შეუძლია, ვინაიდან ქალის ‘’სიკეთე’’ მას ‘’ტკივილს’’ აყენებს. რა თქმა უნდა, ის ამით კიდევ უფრო ‘’ცუდად’’ იქნება, რადგან ასეთი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. დამეთანხმეთ, ძნელია ამ სიტუაციაში ქალის გამტყუნება და დაბრალება იმისა, რომ მან ‘’გაიმეტა’’ შეყვარებული სამუდამო ტანჯვისთვის. ეს გმირი, ჩემი აზრით, საკმაოდ ქრისტიანულად აღწერს ცოდვილის სულიერ მდგომარეობას და მის შეხვედრას ღმერთთან, - რომელიც თვით სიყვარულია. სიყვარული, რომელიც გწვავს და რომლის გარეშეც სიცოცხლე არ არსებობს. ადამიანი, რომელიც დიდხანს ზის ბნელ ოთახში და უარს ამბობს გარეთ გასვლაზე, აუცილებლად ბრმავდება, როგორც კი მის სახეს მზის პირველი სხივები შეეხება. და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მას არ სურდა დღის შუქზე გასვლა და ამის გამო, მისმა თვალებმა სინათლის, ანუ სიცოცხლის აღქმის უნარი დაკარგა? ასე რომ, ადამიანი თვითონ წირავს თავს სიბნელისა და მუდმივი ტანჯვისათვის. და მაინც - ქრისტიანობა - ეს არის ‘’სასიკეთო უწყება’’(ბერძ. ევანგელიე) სიცოცხლეზე და არა სიკვდილზე. ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება - გავაღოთ კარი და გავიდეთ სინათლეში, სანამ გვიან არ არის. საამისო დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს.

ავტორი: ვლადიმერ ლეიგოდა

 

დაბრუნება სარჩევში

 

.. დოსტოევსკი

პატიოსანი ქურდი

უცნობის ჩანაწერებიდან

 

ერთ დილას, როცა მსახურში წასასვლელად გავემზადე, ჩემი  მზარეული,  მრეცხავი და დიასახლისი აგრაფინა შემოვიდა და ჩემდა გასაკვირად საუბარი გამიმართა.   ეს უბრალო დედაკაცი აქამდე ისეთი სიტყვაძუნწი ვინმე იყო, რომ გარდა ყოველდღიური,  თითო-ოროლა კითხვისა იმაზე, თუ რა კერძი მოემზადებინა სადილად, სიტყვა არ დაუძრავს  თითქმის მთელი ექვსი წლის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი გამიგია მისგან.  

-მე…  ის მინდოდა…, ბატონო, - წამოიწყო მან,- საკუჭნაო ხომ არ გაგექირავებინათ?

-რომელი საკუჭნაო?

-აი, სამზარეულოს გვერდით რომ არის, იცით რომელიც.

-რისთვის?

-იმისთვის, რომ იქირავებდა ვინმე, იცით რისთვისაც.

_ ვინ იქირავებს?

-ვინ იქირავებს? ვინმე მდგმური იქირავებს. იცით ვინც.

-იქ დედილო, საწოლიც ვერ დატევა, ისეთი სივიწროვეა. იქ ვინ გაჩერდება?

-გაჩერება რად უნდა. მხოლოდ დასაძინებელი იყოს. ცხოვრებით კი ფანჯარაზე იცხოვრებს.

-რომელ ფანჯარაზე?

-იცით რომელზეც, ვითომ არ იცოდეთ. შემოსასვლელში რომ არის, იმ ფანჯარაზე. იქ იჯდება, შეკერავს ან სხვა რამ საქმეს გააკეთებს. თუმცა, სკამზეც შეუძლია დაჯდეს. აქვს სკამი, მაგიდაც აქვს, ყველაფერი აქვს.

- ვინ არის?

-ერთი კარგი, გამოცდილი ადამიანია. საჭმელს  მე  მოვუმზადებ. ოთახისთვის და მაგიდისთვის კი თვეში მხოლოდ სამ ვერცხლის მანეთს გამოვართმევ.

საბოლოოდ, დიდი მცდელობის შემდეგ შევიტყვე, რომ ვიღაც ხანშიშესულ ადამიანს დაუყოლიებია თუ როგორღაც დაუთანხმებია აგრაფინა, რომ თანამცხოვრებლად და მოზიარედ შემოეშვა სამზარეულოში. აგრაფინას კი თავში რაც მოუვიდოდა, უნდა აესრულებინა, თორემ ვიცოდი მოსვენებას არ მომცემდა. თუ რაიმე ისე არ ხდებოდა, როგორც მას უნდოდა, იმწუთშივე ჩაფიქრდებოდა, ღრმა მელანქოლიას მიეცემოდა და ასეთი მდგომარეობა ორ-სამ კვირას უგრძელდებოდა. ამ პერიოდში უგემურდებოდა საჭმელი, ქრებოდა სუფთა თეთრეული, აღარ იწმინდებოდა იატაკი და  ერთი სიტყვით ბევრი უსიამოვნება ჩნდებოდა. დიდი ხანია შემჩნეული მქონდა, რომ ამ უსიტყვო ქალს უნარი არ ჰქონდა  გადაწყვეტილება მიეღო, გამყარებულიყო  რაიმე  საკუთარ აზრზე.  მაგრამ, თუ მის სუსტ გონებაში რაღაც  შემთხვევის წყალობით რაიმე იდეის ან წამოწყების მსგავსი ჩამოყალიბდებოდა, უარი გეთქვა მის განხორციელებაზე იგივე იყო, რომ რაღაც დროით  მორალურად გაგენადგურებინა იგი. ამიტომაც, რადგან საკუთარი სიმშვიდე ყველაზე მეტად მიყვარდა, იმავე წამს დავეთანხმე.

-რაიმე საბუთი მაინც აქვს, პასპორტი ან მსგავსი რამ?

-მაშ როგორ? ვიცი რომ აქვს. კარგი, სანდო კაცია. სამი მანეთის გადახდას შემპირდა.

მეორე დღესვე ჩემს მოკრძალებულ, მარტოხელა კაცის ბინაში ახალი მდგმური გამოცხადდა. მაგრამ, არ ვნანობდი. გულში მიხაროდა კიდევაც. საერთოდ მარტო, თითქმის კარჩაკეტილად ვცხოვრობ. ნაცნობები არ მყავს და გარეთაც იშვიათად გავდივარ. ათი წლის გამოყრუებული ცხოვრების შემდეგ მივეჩვიე კიდევაც მარტოობას. მაგრამ, ასეთივე მარტოობის კიდევ ათი, თხუთმეტი ან შეიძლება მეტი წელიც, იმავე აგრაფინასთან ერთად, იგივე ბინაში,  დამეთანხმებით საკმაოდ უფერული პერსპექტივაა. ამიტომაც, ერთი ახალი, უბრალო ადამიანი ამ სიტუაციაში ღვთის წყალობად ჩავთვალე.  

აგრაფინას არ მოუტყუვებივარ. ჩემი მდგმური მართლაც გამოცდილი კაცი გამოდგა. პასპორტის მიხედვით გადამდგარი ჯარისკაცი იყო. თუმცა, ამას მისი სახის გამომეტყველებით, უპასპორტოდაც მივხვდი. ძნელი არ არის ამის გამოცნობა. ჩემი მდგმური, ასტაფი ივანოვიჩი თავისნაირებში კარგ ადამიანად ითვლებოდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. მაგრამ, საუკეთესო ის იყო, რომ ასტაფი ივანოვიჩს საკუთარი ცხოვრებიდან ამბებისა და შემთხვევების მოყოლა ეხერხებოდა. ჩემი ყოფა-ცხოვრების მუდმივ მოწყენილობაში კი ასეთი კაცი ნამდვილი საუნჯე იყო. ერთხელ მან ერთ-ერთი ასეთი ამბავი მიამბო, რომელმაც ჩემზე  გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ამბავი კი შემდეგმა  შემთხვევამ გაახსენა.

ერთხელ ბინაში მარტო ვიყავი. ასტაფი და აგრაფინა საქმეებზე იყვნენ წასულ-წამოსული. უცებ მომესმა, რომ მეორე ოთახში ვიღაც შემოვიდა. მივხვდი, რომ ჩვენიანი არ უნდა ყოფილიყო. გამოვედი და მართლაც, შემოსასვლელში უცხო იდგა; დაბალი, პატარა ტანის ადამიანი. მიუხედავად შემოდგომის სიცივისა, ტანთ მხოლოდ სერთუკი ეცვა.

-        რა გნებავს?

-        მოხელე ალექსანდროვი აქ ცხოვრობს?

-        აქ ეგეთი არავინაა, მშვიდობით!

-        აბა, მეეზოვემ რომ მითხრა აქ ცხოვრობსო, - ჩაილაპარაკა უცხომ და თან ფრთხილად დაიხია კარისკენ.

-        გასწი, გასწი, ძმაო; მარდად!

მეორე დღეს, ნასადილევს, როცა ასტაფი გადასაკეთებელ სერთუკს მაზომებდა, დერეფანში ისევ ვიღაც შემოვიდა. კარი გამოვაღე და რას ვხედავ: გუშინდელმა ვაჟბატონმა მშვიდად ჩამოხსნა საკიდიდან ჩემი ბეწვით გაწყობილი სერთუკი, იღლიაში ამოიჩარა და ოთახიდან გავარდა. აგრაფინა მთელი ეს დრო გაკვირვებისგან პირდაფჩენილი შეჰყურებდა მას და არაფერი გაუკეთებია სერთუკის გადასარჩენად. ასტაფი ივანოვიჩი კი უკან გამოუდგა არამზადას და ათი წუთის მერე აქოშინებული და ხელცარიელი მობრუნდა უკან. ქურდი ისე გაქრა, თითქოს მიწამ უყო პირიო.

- ეჰ,  არ გაგვიმართლა, ასტაფი ივანოვიჩ. კიდევ კარგი, რომ შინელი მაინც დაგვიტოვა, თორემ სულ ცარიელზე დაგვსვამდა ეგ არამზადა!

მაგრამ ასტაფი ივანოვიჩი ამ ყველაფრისგან ისე იყო დათრგუნული, რომ მის შემხედვარეს ქურდობის ამბავი კიდეც გადამავიწყდა. გონს ვერ მოდიოდა. ერთ წუთს რომ წამოწყებულ ხელსაქმეს მიაგდებდა და თავიდან დაიწყებდა მოყოლას, თუ როგორ მოხდა ყოველივე, თუ სად იდგა თვითონ, თუ მის თვალწინ, ორ ნაბიჯზე როგორ  ჩამოხსნეს ბეწვის სერთუკი და როგორ განვითარდა ყველაფერი, მეორე წუთს ისევ ხელსაქმეს მიუჯდებოდა. შემდეგ ისევ მიყრიდა ყველაფერს. ბოლოს დავინახე, თუ როგორ წავიდა, რომ  მეეზოვე ენახა, იმისთვისაც მოეყოლა და საყვედური ეთქვა, რომ მის ეზოში ასეთი ამბები ხდებოდა. მერე მობრუნდა და აგრაფენას დაუწყო ლანძღვა. შემდეგ ისევ საქმეს მიუჯდა და დიდხანს თავისთვის ბუტბუტებდა ყველაფერს, როგორც მოხდა, თუ როგორ იდგა თვითონ აი აქ და მე იქ, და ა.შ. ერთი სიტყვით ასტაფი ივანოვიჩი საქმის კაცი კი იყო, მაგარამ დიდი  კირკიტა და მოუსვენარიც გახლდათ.

-        გაგვაბრიყვეს ორივენი, ასტაფი ივანოვიჩ! - ვუთხარი საღამოს, ჭიქა ჩაი მივაწოდე და მოწყენილობისაგან ვცადე, დაკარგული სერთუკის ამბავი თავიდან წამომეწყო. ეს ჩვენი ქურდობის ამბავი, წამდაუწუმ გამეორებისა და  მთხრობელის გულწრფელი  განცდების გამო უკვე ძალიან სასაცილო ხდებოდა.

-        გაგვაბრიყვეს ბატონო ჩემო! უბრალოდ სხვისიც მენანება. ჩემი არ დაკარგულა, მაგრამ მაინც სიბრაზე მიპყრობს. მე თუ მკითხავთ, ქურდზე საძაგელი არსება არ დაიარება ამ ქვეყანაზე. ესენი შენს საკუთარს, შენი ოფლითა და შრომით ნაშოვნს გართმევენ. დანა პირს არ მიხსნის, ისე ვარ გაბრაზებული. მე ის მიკვირს, ბატონო ჩემო, თქვენ როგორ არ გენანებათ საკუთარი ქონება?

- მართალია, ასტაფი ივანოვიჩ; გირჩევნია წყალმა წაიღოს ქონება, მაგრამ ქურდისთვის დასათმობად დასანანია, არ გემეტება კაცს.

-        ეგრეა, ბატონო. მაგრამ, ქურდიც არის და ქურდიც.  ერთხელ ისეც მოხდა, რომ პატიოსან ქურდს გადავაწყდი.

-        როგორ თუ  პატიოსან ქურდს! პატიოსანი რომელი ქურდია, ასტაფი ივანოვიჩ?

-        ეგეც მართალია, ბატონო ჩემო! რომელი ქურდია პატიოსანი, ეგეთები არ არსებობენ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ როგორც ეტყობა წესიერი იყო კაცი, მაგრამ იქურდა. უბრალოდ, საბრალო კაცი იყო.

-        ეგ როგორ მოხდა, ასტაფი ივანოვიჩ?

-        ეს ამბავი, ბატონო ჩემო, ორი წლის წინ მოხდა. თითქმის მთელი წელი უმუშევარი ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ მანამდე ერთი გაუბედურებულ კაცს შევხვდი. დუქანში გავიცანი. ლოთი იყო, მაწანწალა და უსაქმური. ადრე სადღაც უმუშავია, მაგრამ ლოთობის გამო დიდი ხანია სამსახურიდან გამოეშვათ. ერთი უღირსი ვინმე გახლდათ. ენით აუწერლად ეცვა. ეჭვი შეგეპარებოდა, ხანდახან, საერთოდ პალტოს ქვეშ ხალათი თუ აცვია რაიმეო. მთელ ფულს, რასაც მოიგდებდა სასმელში ხარჯავდა. ჩხუბისთავი არ იყო; მშვიდი ხასიათი ჰქონდა. კეთილი იყო და ალერსიანი. თვითონ სირცხვილის გამო არავის არაფერს სთხოვდა. ყველა ამჩნევდა, რომ საცოდავს სასმელისთვის სული მისდიოდა  და  სთავაზობდნენ. ჰოდა, ასე გავიცანით ერთმანეთი. უფრო სწორად ის ამეკიდა. მეც უარი არ მითქვამს.  იცით, როგორი  ადამიანი იყო! როგორც პატარა ფინია ისე აგეკიდებოდა. საითაც წავიდოდი იქით მომყვებოდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. აი, ასეთი საცოდავი ვინმე იყო! თავიდან ვიფიქრე ერთ ღამეს გავათევინებ მეთქი. გავათევინე. ვნახე, პასპორტი წესრიგში აქვს, თვითონაც არა უშავს! შემდეგ, მეორე დღეს ისევ შემოვუშვი ღამის გასათევად. მერე, მესამე დღეს მოვიდა და მთელი დღე ფანჯარაზე იჯდა; ისევ დარჩა ღამის გასათევად. ვიფიქრე: მორჩა, ვეღარ მოვიშორებ; ახლა ამასაც აჭამე, ასვი და თან ღამე გაათევინე მეთქი; გაჭირვებულ კაცს კიდევ ერთი მოზიარე გამომიჩნდა. ჩემამდე, ერთ მოხელესთან   დაიარებოდა ამგვარადვე, აკიდებული იყო მასზეც, ერთად სვამდნენ; ის კი მალე სმას გადაჰყვა. ამას კი ემელია ერქვა, ემელიან ილიჩი. ვფიქრობდი: რა მოვუხერხო მეთქი? რომ გამეგდო სინდისი არ მიშვებდა და თანაც მებრალებოდა, ისეთი საცოდავი და გაუბედურებული ვინმე იყო.  ამასთან, უსიტყვოც იყო. იჯდა თავისთვის და როგორც ლეკვი ისე შემომყურებდა თვალებში. ზედ ეტყობოდა, თუ როგორ ღუპავს სასმელი ადამიანს.  ვიფიქრე ჩემთვის, ვეტყვი: წადი აქედან, ემელიანუშკა,  არ არის ჩემთან შენი ადგილი; მალე მე თვითონ ხმელი ლუკმა  აღარ მექნება და შენ რიღათი უნდა გარჩინო? ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ რას იზამდა ჩემგან ამას რომ მოისმენდა? და ნათლად წარმოვიდგინე, თუ როგორ მომაჩერდებოდა ამ სიტყვების მოსმენისას, რამდენ ხანს იჯდებოდა და ვერ მიხვდებოდა ვერაფერს, ბოლოს,  როცა მიხვდებოდა, როგორ ადგებოდა ფანჯრიდან, აიღებდა თავის ფუთას, ეხლაც თვალწინ მიდგას მისი უჯრედებიანი, წითელი, დაძენძილი  ფუთა, რომელშიც ღმერთმა იცის რა ჰქონდა გამოკრული და ყველგან თან დაათრევდა, როგორ გაისწორებდა შინელს, ისე, რომ წესიერადაც ჰქონოდა, თბილადაც და თან ნახვრეტებიც არ გამოსჩენოდა - დელიკატური კაცი იყო! მერე კარს როგორ გამოაღებდა და ცრემლმორეული ჩავიდოდა კიბეზე. ეჰ, ვიფიქრე, მთლად ხომ არ დავღუპავ ადამიანს!  შემეცოდა. მერე იქვე ჩემ თავზეც  ვიფიქრე, მე რაღა მეშველება მეთქი! მაცალე ემელიან, ვიფიქრე, დიდხანს არ გაგირძელდება კარგი ცხოვრება. აი, შევიცვლი ბინას და მაშინ კი ვეღარ მომაგნებ. მართლაც, ბატონო ჩემო, გადავედი სხვაგან; აწ განსვენებული ალექსანდრ ფილიმონოვიჩი, ჩემი მაშინდელი ბატონი (ღმერთმა აცხონოს მისი სული) მეუბნება: ფრიად კმაყოფილი ვარ შენით, ასტაფი, როცა დავბრუნდებით სოფლიდან ისევ დაგასაქმებთო. მეეზოვედ ვმუშაობდი მათთან. კარგი კაცი იყო. მაგრამ მოკვდა იმ წელსვე. როგორც კი გავაცილეთ, მოვკიდე ჩემს ავლა-დიდებას, ცოტაოდენ ფულს ხელი და ერთ დედაბერს შევეკედლე. სადღაც ძიძად უმუშავია და ახლა პენსიით ცხოვრობდა თავისთვის. სახლის ერთი კუთხე ვიქირავე მისგან. ვიფიქრე, მშვიდობით ჩემო კარგო ემილიანუშკა, ეხლა კი ვეღარ მიპოვი მეთქი! რა გგონიათ, ბატონო, ვბრუნდები საღამოს (ახლობელის სანახავად ვიყავი) და რას ვხედავ: ზის ემელია ჩემს სკივრზე  თავის შინელში, გვერდით ფუთა მოუდევია და მელოდება .... მოწყენილობისგან დედაბერისთვის საეკლესიო წიგნი გამოურთმევია და უკუღმა უჭირავს. მაინც მომაგნო. გავიფიქრე: ახლა რაღა უნდა ვქნა? რატომ თავიდანვე არ გავაგდე მეთქი. პირდაპირ ვეკითხები: აბა, ემელია, პასპორტი თუ მოიტანე? რაღა უნდა მექნა. ავდექი,  ბატონო,  და ასე განვსაჯე:  რა დიდი ზარალი უნდა მომაყენოს ამ უსახლკარო კაცმა? დავითვალე და გამოვიდა, რომ დიდი არ იქნებოდა ხარჯი. ჭამა უნდა, გავიფიქრე. დილას ნაჭერი პური და მისაყოლებლად ხახვს ვუყიდი. შუადღისას ისევ პურს და ხახვს მივცემ. საღამოს ისევ ხახვს და ბურახს, შეიძლება პურიც თუ მოინდომა. რაიმე წვნიანი თუ გამოგვერია ხანდახან, მაშინ კი ორივენი ყელამდე მაძღრად ვიქნებით. მე თავად ბევრს არ გეახლებით და მსმელი კაცი კი როგორც ცნობილია, საერთოდ არ ჭამს. იმას მხოლოდ არაყი და ღვინო მიეცი. თავისი ლოთობით კი ბოლოს მომიღებს მეთქი, გავიფიქრე, ბატონო, და იქვე ერთმა სხვა აზრმა შემიპყრო ისეთი ძალით, რომ ემელიანეს, რომ მივეტოვებინე ჩემს სიცოცხლეს ხალისი აღარ ექნებოდა...მაშინ მე გადავწყვიტე მისი კეთილისმყოფელი და მხსნელი გავმხდარიყავი. მე გადავარჩენ მას დაღუპვისაგან და სმასაც გადავაჩვევ მეთქი, ვფიქრობდი. ახლა მაცალე,  ემელია, დარჩი, მაგრამ მე დამემორჩილები და იმას  გააკეთებ რასაც მე გეტყვი!

ვიფიქრე: თავიდან ვეცდები მუშაობას მივაჩვიო; მაგრამ, უცბად კი არა; ნელ-ნელა, მანამდე ცოტა კიდევ იხეტიალოს თავის ნებაზე. მე კი დაგაკვირდები, გიპოვნი ემელია, რისი ნიჭი  გაქვს. ეს იმიტომ ბატონო, რომ ყველა საქმისთვის უპირველესად ნიჭი სჭირდება კაცს. ასე ჩუმ-ჩუმად დავუწყე დაკვირვება. ვხედავ,  მთლად წყალწღებულია ემელიანუშკა. პირველად, ბატონო ჩემო, წყნარად ვუთხარი: აქეთ-იქით, ვეუბნები, ემელიან ილიჩ ცოტა უნდა დააკვირდე შენს თავს და გამოსწორდე. საკმარისია რაც დრო ატარე! აბა დაიხედე, როგორ დაძონძილი დადიხარ, შენი შინელი, უკაცრავად პასუხია და, საცრად თუ გამოდგება; არ ვარგა ასე! დროა მიხვდე, რომ აღარ შეგეფერება ასე სიარული. - ჩემი ემელიანუშკა კი ზის და  მისმენს თავჩაქინდრული.  როგორია,  ბატონო ჩემო, იქამდე მივიდა სმისაგან, რომ ერთი ჭკვიანური სიტყვის თქმაც კი აღარ შეუძლია. შენ ალთას ეუბნები და ის კიდევ ბალთას არის! მისმენს, მისმენ და მერე ამოიოხრებს.

-        რას ოხრავ, - ვეკითხები,- ემელიან ილიჩ?

-        ეს ისე, არაფერია, ასტაფი ივანოვიჩ, დარდი ნუ გაქვთ. აი დღეს, ასტაფი ივანოვიჩ,  ქუჩაში დედაკაცებმა იჩხუბეს, ერთმა მეორეს შემთხვევით მოცხარის კალათა გადაუყირავა.

-        მერე?

-        მეორემ კი სამაგიეროდ მისი მოცხარი განგებ დაუფანტა და თან ფეხით  დაუწყო ჭყლეტა.

-         მერე, მაგით რა, ემელიან ილიჩ?

-         მერე, არაფერი, ასტაფი ივანიჩ,  ისე მოგიყევით.

-        „არაფერი, მხოლოდ ისე “. ეეჰ, - გავიფიქრე, - ემელია, ემელიუშკა, ლოთობას გადააყოლე ეგ თავი.

-        კიდევ, ერთ ბატონს ქაღალდის კუპიურა დაუვარდა ტროტურზე გაროხოვაიაზე, არა, არა, სადოვაიაზე იყო. ერთმა გლეხმა დაინახა და ამბობს: ჩემიაო, იქვე მეორემაც დაინახა და იმანც: არა, ჩემიაო. შენზე ადრე დავინახეო...

-        მერე, ემელიან ილიჩ.

-        ჩხუბი ატეხეს, ასტაფი ივანოვიჩ. პოლიციელი კი მოვიდა, კუპიურა აიღო და იმ ბატონს დაუბრუნა. გლეხებს კი დაემუქრა - ჩაგსვამთო.

-        მერე და რა არის მაგაში ეგეთი ღირსშესანიშნავი ემელიანუშკა?

-        რა ვიცი, არაფერი. ხალხი იცინოდა, ასტაფი ივანოვიჩ.

-        ე-ეჰ, ემელიანუშკა! გროშად გააჩუქე შენი ცხოვრება. იცი რას გეტყვი, ემელიან ილიჩ? 

-        რაო, ასტაფი ივანოვიჩ?

-        რამე საქმით დაკავდი, მართალს გეუბნები, დაიწყე მუშაობა. მეასეჯერ გეუბნები, შეიბრალე საკუთარი თავი!

-        აბა სად ვიმუშაო, ასტაფი ივანოვიჩ? არც კი ვიცი, რა შეიძლება რომ ვაკეთო. აღარც ამიყვანს არავინ, ასტაფი ივანიჩ.

-        მაგიტომაც გამოგაგდეს, ემელია, რომ ლოთობ!

-        აი დღეს ასტაფი ივანიჩ, მებუფეტე ვლასი კანტორაში დაიბარეს.

-        რისთვის დაიბარეს, ემელიანუშკა?

-        ეგ კი აღარ ვიცი, ასტაფი ივანიჩ. რახან დაიბარეს, ალბათ საჭირო იყო და დაიბარეს კიდევაც ...

-                  „ეეჰ! გავიფიქრე, დავიღუპეთ ორივენი ემელიანუშკა! უფალი გვსჯის ჩვენი ცოდვების გამო.“ აბა, ამისთანა კაცს რა გინდა, რომ მოუხერხო, მითხარით, ბატონო ჩემო!

მაგრამ, დიდი ოხერი კი იყო! მისმენდა, მისმენდა და თუ მოსწყინდებოდა ან შეატყობდა, რომ აღარ ვჩერდები, აიღებდა თავის შინელს და ისე გაძვრებოდა თვალს ვერ შეასწრებდი. იბორიალებდა მთელ დღეს და საღამოს მთვრალი მომადგებოდა. ვინ ასმევდა ან ფულს სად შოულობდა სასმელისთვის ღმერთმა იცის მხოლოდ. მე მაგ სამეში  ბრალი არა მაქვს.

- ნუ, ემელიან ილიჩ, ნუ იღუპავ თავს! შეეშვი სმას, გესმის, გეყოფა! თუ კიდევ მთვრალი მოსულხარ,  კიბეზე მოგიწევს ძილი. სახლში არ შემოგიშვებ იცოდე! ... ეს მუქარა რომ მოისმინა ერთი-ორი დღე  იჯდა შინ; მესამე დღეს ისევ გაქრა. ველოდები და არ მოდის! სიმართლე გითხრათ შემეშინდა და თან შემეცოდა. ეს რა ვქენი! ვფიქრობ. შევაშინე. სად წავიდოდა ნეტა, საცოდავი? ღმერთო, არაფერი დაემართოს მეთქი? დაღამდა და კიდევ არ ჩანდა. დილას გამოვდივარ წინაკარში და რას ვხედავ: იქ გაუთევია ღამე. თავი ზღურბლზე მიუდია და ასე წევს. სულ გაშეშებულიყო სიცივისაგან.

- ღვთის გულისათვის, ემელია, რას ჩადიხარ?

- აი, თქვენ ამასწინათ გაბრაზებული იყავით და შემპირდით, რომ გარეთ დამტოვებდით დასაძინებლად. ვეღარ გავბედე შემოსვლა და აი აქ მივწექი...

 

სიბრაზემ და სიბრალულმა ერთდროულად შემიპყრო.

 

-   კიბის დარაჯობას გირჩევნია სხვა რამ საქმე იშოვო, ემელია, ვეუბნები.

- აბა სხვა რა საქმე, ასტაფი ივანიჩ?

- შე სულწამხდარო (საოცარად ვიყავი გაცოფებული), თუნდაც მკერავის ხელობა გესწავლა. აბა, დაიხედე, რა შინელი გაცვია! სულ დახვრეტილი რომ არის არ გყოფნის, კიბეებიც რომ არ მოწმინდო მაგითი. აიღე ნემსი და ეგ ნახვრეტები მაინც ამოკერე, როგორც წესი და რიგია. ოჰ, შე ლოთო, შენა!

რა გგონიათ, ბატონო, მართლაც აიღო ნემსი; მე მხოლოდ დაცინვით ვუთხარი, მას კი შეეშინდა და ნემსს წამოავლო ხელი.  გაიძრო შინელი და ძაფის გაყრა დაიწყო ნემსში. ვუყურებ და რა: თვალები დაუწითლდა, ხელები უკანკალებს! უყრის, უყრის ძაფს და არ გამოსდის; მოჭუტავს თავლებს,  ძაფს ნერწყვით დაასველებს, დაგრიხავს თითებით, მაგრამ რა გინდა, მაინც არ გამოსდის! ბოლოს მიაწყო ყველაფერი და მიყურებს...

-        ჩემი გულის მოსაგებად რად ირჯები, ემელია?  შე საწყალო, მე ხომ ისე, ხუმრობით, სარყვედურად გითხარი... მოეშვი და იჯექი შენთვის, ღვთის გულისათვის! ოღონდ სამარცხვინოს  ნურაფერს ჩაიდენ და კიბეზე ღამის თევასაც თავი დაანებე, თავს ნუ მჭრი!

-        აბა, რა ვიღონო, ასტაფი ივანიჩ; თავად ვიცი, რომ ლოთი ვარ და უვარგისი! ... თქვენი კი, .. ჩემს კეთ.. კეთილისმყოფელს ტყუილად გაჯავრებთ ...  და ამ დროს უეცრად  თავისი ლურჯი ტუჩები აუკანკალდა, გაფითრებულ ლოყაზე ცრემლი ჩამოუვარდა და მის გაუპარსავ წვერზე აცახცახებული ჩამოუგორდა. ღმერთო ჩემო! თითქოს, დანა გამიყარეს გულში. „ამას კი ვერ ვიფიქრებდი, ეჰ, შე გულჩვილო ადამიანო? არა, ემელია, გავიფიქრე, მე ხელი დამიბანია შენზე და  თუ გინდა, წყალსაც წაუღიხარ!..“

აბა, რაღა დიდხანს გავაგრძელო, ბატონო ჩემო! მთელი ეს ამბავი ჩირადაც არა ღირს. აი თქვენთვის, მაგალითად კაპიკია ამის ფასი. მე კი, რომ შემეძლოს  ყველაფერს მივცემდი, ოღონდ კი  ეს არ მომხდარიყო!  ერთი საცხენოსნო შარვალი მქონდა, ბატონო ჩემო, ეშმაკმა წაიღოს იმის თავი. ძვირფასი, კარგი შარვალი იყო, ლურჯი უჯრედებით. ერთმა ჩვენსკენ ჩამოსულმა მემამულემ შემიკვეთა და აღარ წაიღო, ვიწროაო. ასე შემრჩა ხელში. ვიფიქრე: ძვირფასი რამეა! ბაზარზე შეიძლება ხუთი მანეთიც ავიღო. თუ არა და  აქედან პეტერბურგელი ბატონებისითვის ორ პანტოლონს გამოვიყვან და პატარა ნაჭერი, მეც დამრჩება ჟილეტისთვის მეთქი. მოგეხსენებათ, ჩვენისთანა გაჭირვებულებისთვის ყველაფერი კარგია. ემელიანუშკას კი იმ დროს მძიმე დღეები ჰქონდა. ვუყურებ: ერთ დღეს არ სვამს, არც მეორეს, მესამე დღესაც არ ეკარება სასმელს. შეგებრალებოდა ხანდახან, ისე საცოდავად იჯდა დამწუხრებული.   აჰა,- ვიფიქრე, -ან ფული გამოგელია ძმაკაც, ან როგორღაც საღ ჭკუაზე მოხვედი თავად და თქვი უარი სასმელზე.  აი, ასე იყო ბატონო ჩემო: დიდი დღესასწაული დაემთხვა იმ დღეეებს. ღამისთევის ლოცვაზე ვიყავი. დავბრუნდი სახლში და ვხედავ: ეს ჩვენი ემელინე ზის ფანჯარის რაფაზე,  მთვრალია და აქეთ იქით ირწევა. აჰა, გავიფიქრე, ესე იგი ასე, არა, ძმაკაც?  რატომღაც სკივრში ჩავიხედე. ვხედავ, შარვალი აღარ არის! იქით ვეცი აქეთ ვეცი, არ არის, გაქრა! გადავქექე ყველაფერი, ვხედავ, რომ ნამდვილად არ არის - გულმა გვარიანად რეჩხი მიყო! ჯერ დედაბერს ვეცი, მასზე ავიღე ეჭვი და ტყუილად ცილი დავწამე. ემელიაში კი რატომღაც, თუმცა საბაბიც მქონდა, გალეშილი რომ იჯდა,  არ დავეჭვებულვარ. „არა,- მეუბნება დედაბერი,- ღვთის გულისათვის, ბატონო ჩემო, რა თავში ვიხლი შარვალს, ჩავიცვამ თუ რა? მე თვითონაც ამას წინათ კაბა დამეკარაგა, ისევ ვინმე თქვენი ნაცნობებიდან თუ წაიღებდა, .. არ ვიცი, დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით“ -მეუბნება. „ვინმე იყო აქ, - ვეკითხები, ვინმე იყო  მოსული?“ –„არავინ, არავინ არ  მოსულა, მე ვიყავი მხოლოდ. ემელიან ილიჩი იყო გასული და მოვიდა; აგერ, იქა ზის! იმას ჰკითხეთ.“  - „ შენ ხომ არ აგიღია, ემელია, რაიმე საჭიროებისთვის ჩემი ახალი შარვალი, ხომ გახსოვს, მემამულისთვის რომ ვაკეთებდი?“ – „ არა, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ,  მე, ისა რომ, მე არ ამიღია“.  სულელური ამბავი თუ გინდა, ეს არის! ისევ ძებნა დავიწყე, ვეძებ, ვეძებ-არ არის! ემელია კი ზის და ირწევა აქით-იქეთ. აი ბატონო, აქ ვიჯექი მის პირდაპირ, სკივრზე და უცებ ცალი თვალით გადავხედე...ეჰე! გავფიქრე და მკერში გული ისე გამიხურდა, რომ სულ გავწითლდი. უცებ ემელიამაც შემომხედა.

-        არა, ასტაფი ივანიჩ, მე თქვენი შარვალი, ისა..., თქვენ, შეიძლება, გგონიათ, რომ მე ვიყავი, მაგრამ მე არ ამიღია.

-        მაშ სად გაქრა, ემელიან ილიჩ?

-        არა, ასტაფი ივანიჩ, თვალითაც არ მინახავს, - მეუბნება ისევ.

-        ესეიგი რა გამოდის, ემელიან ილიჩ, ადგა შარვალი და თავისით გაქრა?

-        შეიძლება თავისით გაქრა კიდეც, ასტაფი ივანიჩ.

ეს რომ მოვისმინე, როგორც ვიჯექი ავდექი, ლამპა ავანთე და საქმეს მივუჯექი. მოხელისთვის, ჩვენს ზემოთ რომ ცხოვრობდა, ჟილეტი უნდა გადამეკეთებინა.  მკერდში კი მწველ მხურვალებას და ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. იმ წუთში მთელი ჩემი გარდირობისთვის ცეცხლი რომ წამეკიდებინა, ის უფრო ადვილი გადასატანი იქნებოდა ჩემთვის. ემელიამაც იგრძნო, რომ ბრაზმა შემიპყრო. როცა კაცი დამნაშავეა, ბატონო, შორიდანვე  გრძნობს საშიშროებას,  ისე როგორც ფრინველი ავდარს.

-        აი, ასტაფი ივანოვიჩ, ის მინდოდა მეთქვა, რომ, - დაიწყო ემელიუშკამ (თან ხმა უკანკალებს) - დღეს ანტიპ პროხორიჩი, ექიმი, მეეტლის ცოლზე დაქორწინდა. აი ამასწინათ, რომ მოკვდა იმ მეეტლის...

შევხედე, მაგრამ ვაი იმ შეხედვას. გაცოფებული ვიყავი... მიხვდა ემელია. ვხედავ, ადგა, მივიდა საწოლთან და მის ახლოს რაღაც ფაცი-ფუცი დაიწყო. ველოდები და არ ჩერდება. თან ბუტბუტებს გაუთავებლად: „არ არის და არ არის. სად ჯანდაბაში გაქრა ნეტავ, ეს ოხერი?“ ველოდები, რით დამთავრდება ეს ამბავი; ვხედავ: მუხლებზე დაიჩოქა ემელიამ და საწოლის ქვეშ ძვრება. აქ კი ვეღარ მოვითმინე.

-        მუხებზე რას დაბობღავთ, ემელიან ილიჩ?- ვეუბნები;

-        შარვალს ვეძებ, ასტაფი ივანიჩ. ვნახავ, იქნებ აქ გდია სადმე;

-        თავს ნუ შეიწუხებთ, ბატონო ჩემო, ჩემებრ უბრალო კაცის დასაცავად, - სიბრაზისაგან ბატონობით დავუწყე საუბარი, - მუხლებს ტყუილა ნუ იტყავებთ!

-        არა უშავს, ასტაფი ივანიჩ, მოვძებნი, იქნებ გამოჩნდეს სადმე.

-        ჰმ, .. ვეუბნები: ერთი აქ მომხედე,  ემელიან ილიჩ!

-        რაო, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ!

-        შენ ხომ არ აიღე და უბრალოდ მომპარე, როგორც ქურდმა და არამზადამ, და ასე გადამიხადე მადლობა მასპინძლობისთვის? - აი, ზუსტად ასე ვუთხარი, ბატონო, ისე ვიყავი გააფთრებული ჩემს წინაშე მისი ხოხვის შემხედვარე.

-        არა...ასტაფი ივანოვიჩ...

თვითონ კი, როგორც იყო ისევე დარჩა საწოლის ქვეშ პირქვე მწოლიარე. დიდხანს იწვა ასე; ბოლოს გამოძვრა. ვხედავ: გაფითრებულია სულ, როგორც მიტკალი. წამოდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა რაფაზე. ასე იჯდა დაახლოებით ათი წუთი.

-არა, ასტაფი ივანიჩ,  - მეუბნება, უცბად წამოდგა და მომიახლოვდა. ახლაც თვალწინ მიდგას. საშინელი იყო დასანახად როგორც ხორცშესხმული ცოდვა.

-არა, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ,  არ ამიღია მე თქვენი შარვალი...

სულ კანკალებს, მკერდში აცახცახებულ თითს ირტყავს და ხმა ისე უკანკალებს, რომ თვითონ მე შევკრთი და გაქვავებული ფანჯრიდან ვეღარ წამოვდექი.

-        ჰო, კარგი, ეგრე იყოს. ემელიან ილიჩ, - ვეუბნები,-  მაპატიეთ, თუ მე, ჩემი სიბრიყვით უმიზეზოდ  დაგწამეთ ცილი. ჯანდაბასაც წაუღია ის შარვალი; არ დავიკარგები უიმისოდ.  მადლობა ღმერთს, ხელები მაბია, სხვისას არაფერს მოვინდომებ...არც სამათხოვროდ დავუდგები ვინმეს. ჩემს ლუკმას ყოველთვის ვიშოვი მე თვითონ...

ეს რომ მოისმინა, ცოტა ხანს იდგა ჩემს წინაშე, მერე ვხედავ - ჩამოჯდა. ასე გაუტოკებლად იჯდა მთელი საღამო; დასაძინებლად რომ წავედი ისევ იმ ადგილას იჯდა. დილას ვხედავ, თავის შინელში გახვეულა  და ასე მოკუნტული მიწოლილა შიშველ იატაკზე;   დამცირებისაგან საწოლშიც არ დაწვა. ასე იყო, ბატონო, აღარ მიყვარდა იმ წუთებში, უფრო სწორედ თითქმის მეზიზღებოდა პირველ დღეებში იმ ამბიდან. ისე ვიყავი, თითქოს საკუთარ შვილს გავექურდე და საშინელი წყენა მოეყენებინოს ჩემთვის. ეჰ, ვფიქრობ: ემელია, ემელია! ემელია კი ორი კვირა გამოუფხიზლებლად სვამდა. ალბათ მასაც დარდი სჭამდა და თავდავიწყებას იყო მიცემული. დილას გადიოდა, გვიან ღამე შემოვიდოდა და ორ კვირაში ერთი სიტყვაც არ გამიგია მისგან. ბოლოს მორჩა, მოათავა. ალბათ, დასალევი აღარაფერი ჰქონდა და ისევ ფანჯარაზე შემოჯდა. მახსოვს, სამი დღე და ღამე იჯდა ასე და ხმას არ იღებდა. ერთხელაც ვხედავ, რომ ტირის. აი ასე, ბატონო ჩემო,  იჯდა  და ტიროდა. თვითონ ვერც კი გრძნობდა, როგორ ნაკადულივით სდიოდა ცრემლები.  ძნელი  საყურებელია, ბატონო ჩემო, როცა მოზრდილი ადამიანი ტირის. მითუმეტეს, ისეთი მოხუცი, როგორიც ემელია იყო.

-რა მოგივიდა, ემელია? -ვეუბნები. ერთი შეკრთა  და სულ ააკანკალა. ეს პირველი შემთხვევა იყო იმ ამბის შემდეგ, ხმა რომ გავეცი.

- არაფერი, ასტაფი ივანიჩ.

-ღვთის გულისთვის, ემელია, ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი. ასე გაბუსუნებული რას უზიხარ? - შემეცოდა.

-ისე, ასტაფი ივანიჩ, მაგიტომ კი არა. რაიმე საქმეს მინდა  მოვკიდო ხელი, ასტაფი ივანიჩ.

- აბა, რა საქმეს, ემელიან ილიჩ?

- ისე, რაიმეს. იქნებ რაიმე სამსახური ვიშოვო, როგორც ადრე მქონდა; სათხოვნელად უკვე ვიყავი ფედოსეი ივანიჩთან ... ცუდია, რომ გულს გტკენთ, ასტაფი ივანიჩ. მე, ასტაფი ივანიჩ, როგორც კი სამუშაოს ვიშოვი, მაშინვე ყველაფერს უკან დაგიბრუნებთ და ხარჯებსაც აგინაზღაურებთ.

-კარგი, ემელია, გეყოფა.  რაც იყო, იყო. ეშმაკსაც წაუღია. მოდი ისევ ძველებურად ვიცხოვროთ.

- არა, ასტაფი ივანიჩ, თქვენ იქნებ ისევ გგონიათ, ისა... მე კი თქვენი შარვალი არ ამიღია.

-კარგი, როგორც ინებებ; ღმერთი იყოს შენსკენ, ემელიანუშკა!

-არა, ასტაფი ივანიჩ. როგორც ჩანს, მე თქვენთან  აღარ დამედგომება. მაპატიეთ კი, ასტაფი ივანიჩ.

- ღმერთმანი, ვეუბნები, ემელიან ილიჩ, ვინ გავიწროვებს ან  ვინ გაგდებს ბინიდან, მე ხომ არა?

-არა, მაგრამ წესი არ არის, რომ ასე ვიცხოვრო თქვენთან, ასტაფი ივანიჩ... უმჯობესია თუ წავალ. ჩანდა, რომ ნაწყენი იყო და ერთი და იგივეს იმეორებდა. ვხედავ, მართლაც ადგა და შინელის ჩაცმა დაიწყო.

-სად მიდიხარ, ემელიან ილიჩ? აბა ცოტა ჭკუას მოუხმე; რა მოგივიდა?  სად უნდა წახვიდე?

- არა, მშვიდობით იყავით, ასტაფი ივანიჩ, ნუ დამაკავებთ (თან ისევ ამოისლუკუნა); უნდა მოვშორდე ამ ადგილს, ასტაფი ივანიჩ. თქვენც  აღარა ხართ ისეთი, როგორიც ადრე იყავით.

-როგორი ისეთი? პატარა უჭკუო ბალღივით ნუ იქცევი, ემელიან ილიჩ, მარტო რა გეშველება!

- არა, ასტაფი ივანიჩ, აი, თქვენ ახლა, სახლიდან როცა გადიხართ სკივრს კეტავთ, მე კი ვხედავ ამას და ვტირი.... არა, ჯობია გამიშვათ, ასტაფი ივანიჩ და შემინდეთ ყველაფერი რაც ერთად ცხოვრებისას გაწყენინეთ.

        აბა, რაღა გითხრათ, ბატონო ჩემო?  მართლა წავიდა. ველოდე ერთი დღე, ვფიქრობდი მობრუნდება მეთქი საღამოსკენ - არ მოვიდა! არც მეორე  და არც მესამე დღეს არ გამოჩნდა. შემეშინდა და დავდარდიანდი. აღარც ჭამა-სმა შემეძლო და აღარც ძილი. მთლიანად დამაყრევინა ფარ-ხმალი ამ კაცმა. მეოთხე დღეს ავდექი და მთელი დუქნები შემოვიარე, ყველგან ვიკითხე, მაგრამ, თითქოს გაქრა ემელიანუშკა! ვფიქრობდი : „სადმე, ღობის ძირში   ხომ არ ამოგხდა მთვრალს სული და წევხარ ახლა დამპალი კუნძივით“. ცოცხალ-მკვდარი დავბრუნდი შინ. მეორე დღესაც ვაპირებდი ძებნის გაგრძელებას. ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ ასე თავის ნებაზე გავუშვი სახლიდან. მაგრამ, მეხუთე დღეს, გამთენიისას (დღესასწაული იყო)  მესმის, კარმა გაიჭრიალა. ვხედავ შემოდის ემელია: სულ მთლად გალურჯებულიყო და თმები   ჭუჭყში ამოგანგლოდა, თითქოს ქუჩაში ეძინაო; ისე ჩამომხმარიყო, რომ ლამის ლანდი გასდიოდა; შინელი გაიხადა, სკივრზე ჩამოჯდა და მომაჩერდა. კი გამიხარდა, მაგრამ გული უწინდელზე უფრო მეტად დამიმძიმდა.  საქმე იცით რაშია ბატონო: მე რომ შემთხვვეოდა ასეთი ამბავი, მართალს გეუბნებით, მერჩივნებოდა, ძაღლვით ამომხდომოდა სადმე სული, უკან კი არაფრის დიდებით არ მოვბრუნდებოდი. ემელია კი მობრუნდა! ძნელია ადამიანის ამ მდგომარეობაში ნახვა. დავუწყე ალერსი, მოფერება და გამხნევება. „აი, ვეუბნები, ემელიანუშკა, როგორ გამახარე, რომ დაბრუნდი. ცოტაც რომ დაგეგვიანებინა, დღესაც დუქნ-დუქან მომიწვდა შენი ძებნა. ჭამე რამე?“

-        ვჭამე, ასტაფი ივანიჩ.

-        მართლა? კარგად ჭამე? აი, ძმაო, ცოტა გუშინდელი ბორშჩია დარჩენილი, ხორციანია, უბრალო არ გეგონოს; აჰა, ხახვიც და პური. ჭამე, ვეუბნები,  ჯანზე მოგიხდება.

   წინ დავულაგე  ეს ყველაფერი და ისე მადიანად შეუდგა ჭამას, ალბათ სამი დღე არაფერი უჭამია. ესეიგი შიმშილმა მოიყვანა ჩემთან. გული სულ მომილბა ამის შემხედვარეს. ვიფიქრე, გავიქცევი, ცოტა დასალევს მოვუტან და მოვრჩეთ რაც იყო, საკმარისია მეთქი! აღარ გიბრაზდები, ემელიანუშკა! მოვარბენინე არაყი. აი, ვეუბნები, ემელიან ილიჩ, დავლიოთ დღსასწაულისა. დალევ? კარგი არაყია. მან კი ხელი გაიწვდინა, ხარბად დასწვდა ჭიქას, მაგრამ გაჩერდა. ვხედავ: აიღო ჭიქა და  პირისკენ წაიღო, თან სულ ხელზე ეღვრება სასმელი. პირთან მიიტანა, მაგრამ იმ წამს უკანვე დადგა მაგიდაზე.

-        რაო, ემელიანუშკა?

-        არაფერი, მე მხოლოდ... ასტაფი ივანიჩ.

-        არ დალევ?

-        არა, ასტაფი ივანიჩ,    აღარ დავლევ, ასტაფი ივანიჩ.

-        რა მოგივიდა, ავად ხომ არა ხარ, ემელია?

-        ჰო, რაღაც ვერა ვარ კარგად, ასტაფი ივანიჩ?

ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე. ვხედავ, მართლა ცუდად აქვს საქმე: თავი უხურს და ციებიანივით კანკალებს. ერთი დღე ვეჯექი სასთუმალთან; ღამით უარესად გახდა. ბურახში კარაქი და ხახვი ავურიე და პურიც ჩავუფშვენი. ვეუბნები: აჰა, შეჭამე, იქნებ უკეთესად გახდე!  „ არა, დღეს არ ვისადილებ, ასტაფი ივანიჩ“. მეუბნება. ჩაი მოვუმზადე და დედაბერიც დავატრიალე. ეჰ, ვფიქრობ, ვერ არის საქმე კარგად! მესამე დღეს ექიმთან წავედი. ერთი ნაცნობი ექიმი კოსტოპრავოვი ცხოვრობდა იქვე. ჯერ კიდევ ბოსომიაგინებთან მუშაობისას გავიცანი: მიმკურნალა მაშინ. ექიმი მოვიდა, დახედა და თქვა: „ამას აღარაფერი ეშველება. ტყუილად დამიძახეთ. წამალს კი  თუ გინდათ მაინც მივცემ“. წამალი არ გამოვართვი. ვიფიქრე, ექიმის ტყული ხრიკებია მეთქი. ამასობაში მეხუთე დღე დადგა.

 იწვა ასე, ბატონო და, თვალსა და ხელს შუა თავდებოდა კაცი. მე ფანჯარაზე ვიჯექი და ხელსაქმე მეჭირა. დედაბერი ღუმელს ახურებდა. ჩუმად ვისხედით ყველანი. გული მეგლიჯებოდა, ბატონო ჩემო, ამ უთვისტომო კაცის გამო: თითქოს ღვიძლ შვილს ვკარგავდი. ვგრძნობდი, რომ ემელია იმ წუთში მე მიცქეროდა. დილიდან ვატყობდი, რომ ემზადებოდა, ძალას იკრებდა, რაღაცის თქმა უნდოდა თითქოს და ვერ მიბედავდა. ბოლოს შევხედე და ვხედავ, რაღაც დარდი ჩასდგომია საწყალს თვალებში. თვალს არ მაშორებს; როგორც კი დაინახავს, რომ ვუყურებ, იმ წუთში თვალებს მომარიდებს.

-        ასტაფი ივანოვიჩ!

-        რაო, ემელია?

-        აი, მაგალითად ჩემი შინელი ბაზარზე რომ გაგვეტანა, რამდენს მოგვცემდნენ, ასტაფი ივანიჩ?

-        აბა რა ვიცი, რამდენს მოგცემდნენ. შეიძლება სამი მანეთიც მოეცათ, ემელიან ილიჩ.

სინამდვილეში, გასაყიდად რომ გაეტანა არაფერსაც არ მისცემდნენ. თან სიცილსაც დააყრიდნენ, რომ ასეთი საცოდავი ნივთით ვაჭრობს. ეს ისე, გასამხნევებლად ვუთხარი.

-        მე კი ვფიქრობდი, ასტაფი ივანიჩ, რომ სამი ვერცხლის მანეთი კი უნდა მოგვცენ; მაუდისაა, ასტაფი ივანიჩ. როგორ მაუდის შინელში, მხოლოდ სამი მანეთი?

-        არ ვიცი, ვეუბნები, ემელიან ილიჩ; გასაყიდად თუ გაიტან, რაღა თქმა უნდა, ჯერ სამი მანეთი უნდა დააფასო.

ცოტა ხანს დადუმდა ემელია და მერე მეუბნება:

-        ასტაფი ივანიჩ!

-        რა იყო, ემელიანუშკა?

-        გაყიდეთ ჩემი შინელი, როცა მოვკვდები და უმაგისოდ დამმარხეთ. ისედაც შემიძლია წოლა; ეგ კი ძვირფასი ნივთია;  გამოგადგებათ.

აქ, ჩემო ბატონო, ისე შემეკუმშა გული სიტყვით ვერ აგიწერთ. ვხედავ, რომ ადამიანს სიკვდილის შიში შეპარვია უკვე. ისევ დავდუმდით. ასე ერთი საათი გავიდა. ისევ შევხედე. სულ მე მიყურებს. როგორც კი ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდება, თვალს მარიდებს.

-        წყალს ხომ არ მოსვამ, ემელიან ილიჩ?

-        მომეცით, ღვთის გულისათვის,  ასტაფი ივანიჩ?

მივაწოდე წყალი და დალია.

-        მადლობელი ვარ, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ.

-        კიდევ რამე ხომ არ გინდა, ემელიანუშკა?

-        არა, ასტაფი ივანიჩ, არაფერი. მე, მხოლოდ  ის მინდოდა...

-        რაო?

-        ის...

-        რა ის, ემელიანუშკა?

-        ის შარვალი .. ის.. მე მოგპარეთ მაშინ... ასტაფი ივანიჩ...

-        ღმერთმა შეგინდოს, ვეუბნები, ემელიანუშკა, შე საწყალო!  განისვენე მშვიდობით...  მე თვითონ კი, ბატონო ჩემო, სული შემეხუთა, თვალებიდან ცრემლები წამსკდა და ერთი წუთით იქით შევბრუნდი.

-        ასტაფი ივანიჩ...

ვხედავ, ემელიას კიდევ რაღაც უნდა მითხრას; წამოჯდომას ცდილობს, ტუჩებს ამოძრავებს... უცებ სულ გაწითლდა, მიყურებს... შემდეგ ვხედავ: სულ უფრო და უფრო გაფითრდა, ერთ წამში მოეშვა, თავი უკან გადააგდო, ერთი  ამოიოხრა და მიაბარა სული უფალს.

 

 

თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

 

 

დაბრუნება სარჩევში

 

 

განხეთქილება მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის

 

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ქრისტიანების გარკვეული ნაწილი ცდილობს აღადგინოს ურთიერთობა და შემდგომ ერთიანობა მსოფლიოს ორ უდიდეს ქრისტიანულ  ეკლესიას - მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. არსებობს ქრისტიანების დიდი ნაწილიც, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ კონტაქტს.  საგულისხმო ფაქტია, რომ 1965 წლის 7 დეკემბერს  კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ათინაგორამ და რომის პაპმა პავლე VI-მ  გააუქმეს ორმხრივი ანათემა (საეკლესიო წყევლა) და გამოაცხადეს სიყვარულის დიალოგის დაწყება კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. საეკლესიო სქიზმიდან (ბერძ. σχίσμα, Schísma -გაყოფა, გახლეჩა)  800 წელზე მეტია გასული და თანამედროვე ქრისტიანებისთვის, განსაკუთრებით კი ევროპაში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, მეტად სასარგებლო იქნებოდა ზუსტი და ობიექტური ცოდნა იმ მიზეზებისა, რომელთაც ქრისტეს ეკლესია გაყოფამდე მიიყვანეს. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით მოკლედ და მიუკერძოებლად  მიმოვიხილოთ საეკლესიო განხეთქილების ისტორიული განვითარება და მისი  თეოლოგიური და პრაქტიკული მიზეზები.

განხეთქილების თარიღი.   განხეთქილების თარიღად კათოლიკურ სამყაროში მიიჩნევა 1054 წელი, როცა რომის პაპმა ლეო IX-მ (1049-1054 წწ.) თავის წარმომადგენლების მეშვეობით  ეკლესიიდან განჰკვეთა კონსტანტინეპოლის პატრიარქი მიქაელი. მართლმადიდებლური სამყარო განხეთქილების თარიღად მიიჩნევს 1204 წელს, როცა ლათინმა ჯვაროსნებმა დაიპყრეს და გაძარცვეს მართლმადიდებლური სამყაროს ცენტრი - კონსტანტინეპოლი (დღევანდელი სტამბოლი). ამ მოვლენამ ქრისტეს ეკლესია  საბოლოო განხეთქილებამდე მიიყვანა და ქრისტეს ეკლესიის ერთიან სხეულს დღემდე მოუშუშეშებელი ჭრილობა მიაყენა.   მაგრამ, არ იქნებოდა მართებული, რომ განხეთქილება დაგვებრალებინა მხოლოდ ეკლესიისთვის ამ უმძიმესი  1054 და 1204  წლების მოვლენებისთვის. სინამდვილეში საქმე გვაქვს  დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიების გაუცხოვების ხანგრძლივ პროცესთან, რომელიც მე-4 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე გრძელდებოდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ განხეთქილება ასწლეულების  განმავლობაში მწფდებოდა.  მე-4 საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის პოლიტიკურმა ცენტრმა რომიდან კონსტანტინეპოლში გადაინაცვლა და ამ დროიდანვე  დაიწყო მეტოქეობა ძველ დედაქალაქ რომსა და ახალ დედაქალაქს - კონსტანტინეპოლს შორის. აშკარაა ისიც, რომ განხეთქილების გამომწვევი ყველა საეკლესიო დავა მიმდინარეობდა  მხოლოდ რომსა და კონსტანტინეპოლს შორის. ბიზანტიის იმპერიის დანარჩენი სამი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრი ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოები ემხრობოდნენ კონსტანტინეპოლს და ეს თავისთავად ნიშნავდა უთანხმოებას რომსა და მთლიანად აღმოსავლეთის ეკლესიას შორის.

გაუცხოვება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს, რომელთაც ეკლესიების გაუცხოვება გამოიწვიეს მიეკუთვნებიან:

განსხავებული ეკლესიოლოგია, და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა. საღვთისმეტყველო კუთხით უთანხმოების მნიშვნელოვან საფუძველს დღესაც, ისევე როგორც მაშინ წარმოადგენს, განსხვავებული ეკლესიოლოგია ანუ მარტივად რომ ვთქვათ - განსხვავებული გაგება ეკლესიისა.   330 წელს იმპერიის დედაქალაქის რომიდან კონსტანტინეპოლში გადატანამ სხვადასხვა   პოლიტიკური მდგომარეობა შექმნა აღმოსავლეთსა და დასავლეთში და ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია განსხვავებული ეკლესიოლოგიების  ჩამოყალიბებაზე.   აღმოსავლეთ რომის იმპერიაში (ბიზანტიაში) იჯდა იმპერატორი, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრი და მას ჰყავდა მკაცრად ჩამოყალიბებული სახელმწიფო  სტრუქტურები. ეკლესიის ორგანიზების წესიც შეესაბამებოდა პოლიტიკურ სტუქტურებს. იმპერატორს ენიჭებოდა  მსოფლიო კრებების მოწვევისა და თავმჯდომარეობის უფლება. საეკლესიო კრებების დადგენილებების ცხოვრებაში დანერგვაც სახელმწიფო ძალაუფლების მეშვეობით, და არც თუ იშვიათად, ძალის გამოყენებით ხდებოდა. იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) კოდიფიცირებული საეკლესიო სამართლის მიხედვით იმპერიის ეკლესია დაიყო რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოებად და ამ 5 საპატრიარქოს  დაევალა მთელი სახელმწიფო ეკლესიის მართვა.  ჩამოაყალიბდა ე.წ. პენტარქიის (ხუთმმართველობა) პრინციპი, რასაც თავის მხრივ ამტკიცებდა საეკლესიო კრებების დადგენილებები.  აქედან გამომდინარე, აღმოსავლური ანუ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით არსებობენ სხვადასხვა, დამოუკიდებელი ანუ ავტოკეფალური, თანასწორი და თანასწორუფლებიანი ეკლესიები. ერთადერთი კომპეტენტური ინსტანცია ყველა  ეკლესიისთვის  საყოველთაოდ მისაღები  გადაწყველტილებებისთვის არის მსოფლიო საეკლესიო კრება. შესაბამისად მთლიანად მსოფლიო ეკლესიაში და ასევე ადგილობრივ, ავტოკეფალურ ეკლესიებშიც არსებობს  ეკლესიის მეთაურის მხოლოდ საპატიო უპირატესობა და არა იურისდიქციული  უპირატესობა. ამიტომაც, მართლმადიდებელ ეკლესიებში არც პატრიარქები იღებენ მნიშვნელოვან საყოველთაო-საეკლესიო გადაწყვეტილებებს ეპისკოპოსებთან შეთანხმების გარეშე და არც ეპისკოპოსებს აქვთ უფლება პატრიარქის გარეშე მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მართლმადიდებლური ხედვით ეკლესიის მეთაურის  უპირატესი ადგილი არის  „პირველი თანასწორთა შორის“  (primus inter pares).

ჰაგია სოფიას კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარი (ამჟამად მუზეუმი)

აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, მე-4 საუკუნიდან დასავლეთ რომის იმპერიაში აღარ არსებობდა ცენტრალური პოლიტიკური ძალაუფლება. აქ იყვნენ მხოლოდ ერთმანეთთან მოქიშპე ადგილობრივი დიდებულები. რომის საეპისკოპოსო კათედრა ერთადერთი საეკლესიო ავტორიტეტი იყო დასავლეთში, რომელიც მონაწილეობდა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ პოლიტიკურ საკითხების გადაწყვეტაშიც. 754 წელს ფრანკების მეფე პიპინ III-მ საშუალება მისცა რომის პაპს სტეფანე II-ს დაეარსებინა ვატიკანის ეკლესია-სახემწიფო და პაპმაც საეკლესიო ძალაუფლებასთან ერთად შეითავსა პოლიტიკური ძალაუფლება. ამასთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში დროთა განმავლობაში  ჩამოყალიბდა სწავლებანი რომის პაპის ღვთაებრივი უფლებების, მისი იურისდიქციული პირველობის და მისი სწავლების  უცდომელობის შესახებ.  ამგვარად, დასავლური ანუ კათოლიკური ეკლესიოლოგიის მიხედვით ერთადერთი და უფლებამოსილი მეთაური მთელი  ეკლესიისა არის რომის პაპი, როგორც პეტრე მოციქულის მემკვიდრე. ყველა ეპისკოპოსები არიან მისი წარმომადგენლები ადგილობრივ ეკლესიებში. პაპს აქვს უფლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საეკლესიო საკითხები. თვით მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები ძალაში შედიან მხოლოდ პაპის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ.

გადახვევა ძირითად სარწმუნეობის საკითხებში. ეს პუნქტი უპირველეს ყოვლისა ეხება დამატებას, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ შეიტანა სარწმუნოების სიმბოლოში -   მრწამსში. ეს დამატება ცნობილია „Filio Que“-ს („და ძისაგან“) სახელით. იგი პირველად გამოჩნდა ესპანეთში, 589 წლის ტოლედოს კრებაზე არიანული ერესისაგან თავის დასაცავად და ამავდროულად იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების ხაზგასასმელად. მაშინდელი პაპის ლეო III-ის მიერ  ფრანკების მეფედ ნაკურთხი კარლ დიდი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დამატება „Filio Que“ არა მარტო რომის ეკლესიისთვის, არამედ მთელი აღმოსავლეთის ეკლესიისთვისაც სავალდებულო გამხდარიყო. მიუხედავად იმისა რომ პაპმა ლეომ უარი თქვა ამ ცვლილებაზე, ფრანკებმა მაინც დაიტოვეს იგი. საბოლოოდ 1014 წელს იმპერატორ ჰაინრიხ II-ის ზეწოლით კათოლიკურმა ეკლესიამ „Filio Que“ ოფიციალურად შეიტანა მრწამსში. მრწამსის ამგვარი შეცვლა  მართლმადიდებლური სამყაროსთვის იყო და არის მიუღებელი, რადგან იგი გამოხატავს ცალმხრივად განხორციელებულ ცვლილებას და არა არის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება. ამასთანავე „Filio Que“  ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ გაგებას წმინდა სამების არსის  შესახებ.

განსხვავებები საეკლესიო პრაქტიკაში. მე-4 საუკუნიდან სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა განსხვავებანი პრაქტიკულ საეკლესიო ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებში. სადავო საკითხებს მიეკუთვნებოდა: გაფუებული და გაუფუარი პურის გამოყენება წირვის დროს, გარდაქმნილი ღვინისთვის მდუღარების შერევა, სასულიერო პირთა უქორწინებლობის აღთქმა დასავლეთში, რომელიც აღმოსავლური ხედვით ძალიან მაცრი იყო, დასავლეთში პრაქტიცირებული შაბათის მარხვა, აღმოსავლეთში არსებული აკრძალვა გაგუდული ცხოველებისა  და  უმი სისხლის საკვებად გამოყენებისა.  ასევე სასულიერო პირთათვის აღმოსავლეთში მიღებული წვერის ტარების წესი.   691 წელს კონსტანტინეპოლში, ტრულის მე-2 კრებაზე  განხილული იქნა ხსენებული საკითხები და უპირატესობა მიენიჭა აღმოსავლეთში მიღებულ წესებს. სავარაუდოა, რომ ეს იყო ბიზანტიის კიდევ ერთი მცდელობა ეკლესიაში   ერთიანობის ტენდენციის დანერგვისა.

განსხვავებული საეკლესიო და საღვთისმეტყველო ენა.  არანაკლებ ხელს უშლიდა ეკლესიის  ერთიანობას სხვადასხვა სამეტყველო ენა აღმოსავლეთსა და დასავლეთში. I-II  საუკუნეებიდან სულ უფრო და უფრო კლებულობდა რომში ბერძნული ენის ცოდნა და ასევე კონსტანტინეპოლში - ლათინურისა. ეს, რაღა თქმა უნდა იწვევდა საღვთისმეტყველო საკითხების  სულ უფრო ნაკლებ გაცვლა-გამოცვლას. უკვე მე-4 საუკუნეში დასავლეთის მხოლოდ რამოდენიმე საეკლესიო მოღვაწე ფლობდა ბერძნულს. მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის დიდი მასწავლებელი ნეტარი ავგუსტინე თავის ნაშრომებს  წერდა ლათინურად და არ იცოდა ბერძნული. ასევე ბერძენი საეკლესიო მოღვაწეები ვერ ფლობდნენ ლათინურ ენას. მე-7 საუკუნიდან აღმოსავლეთში გაბატონებული იყო შეხედულება, რომ ლათინური ენა  ბარბაროსული ენაა  და ამდენად შეუფერებელი საღვთისმეტყველო საკითხების განსახილველად. კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტიტულის - „ეკუმენური პატრიარქი“- გაშემო ატეხილი დავა ნათელი მაგალითია ენის არასრულყოფილი ცოდნისა. ტიტული „ეკუმენური პატრიარქი“ დასავლეთში ითარგმნა როგორც მსოფლიოს პატრიარქი  და შესაბამისად რომი ხედავდა მასში კონსტანტინეპოლის პატრიარქის პრეტენზიას პირველობაზე. მცნება „ეკუმენე“ კი მაშინდელ ბერძნულ ენაში გულისხმობდა  ბიზანტიის იმპერიას და  ნიშნავდა იმპერიის პატრიარქს.

წმ. პეტრეს  ბაზილიკა რომში, ვატიკანი

 

1054 წლის განხეთქილება.  პირველი სერიოზული დაპირისპირება მოხდა მაშინ, როცა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ლათინური ეკლესიებისათვის კონსტანტინეპოლში სავალდებულო გახადა ბიზანტიური ღვთისმსახურების წესი. ამ ეკლესიებმა უარი განაცხადეს დამორჩილებაზე და პასუხად მათ აეკრძალათ ღვთისმსახურება. ამ დროს რომი ჩაბმული იყო ნორმანებთან ბრძოლაში  და მას ბიზანტიის დახმარება გადაუდებლად სჭირდებოდა. ამ მიზნით 1054 წელს რომმა კონსტანტინეპოლში გააგზავნა პაპის დელეგაცია კარდინალ ჰუმბერტის მეთაურობით. დელეგაციას ორი გზავნილი მიჰქონდა პაპ ლეო IX-გან. პირველში იგი სთხოვდა იმპერატორს სამხედრო დახმარებას ნორმანებთან ბრძოლაში. მეორე წერილი მიმართული იყო პატრიარქისადმი, სადაც პაპი იმედს გამოთქვამდა გაუგებრობების მოგვარების საქმეში, მაგრამ ამავდროულად ადანაშაულებდა პატრიარქს შერიგების პროცესის ხელის შეშლაში. მისიამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. როგორც სჩანს პატრიარქი არ დაეთანხმა პაპის ბრალდებებს. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და დამთავრდა იმით, რომ პაპის წარმომადგენლებმა კონსტანტინეპოლის ჰაგია  სოფიას ტაძარში ანათემას გადასცეს კონსტანტინეპოლის პატრიარქი და რამოდენიმე სასულიერპო პირი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წყევლა ეხებოდა კონკრეტული პიროვნებებს, მასში დაფიქსირებული იყო ბრალდებანი მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. საპასუხოდ, რამოდენიმე დღის შემდეგ შეკრებილმა სინოდმა, უკვე გამგზავრებული პაპის წარმომადგენლები, მაგრამ არა თვითონ პაპი,  ანათემას გადასცა.  ორივე მხარის განაჩენი მიმართული იყო კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ამავდროულად ეკლესიების ფაქტიურ გაყოფას ნიშნავდა. თუ მოვლენების შემდგომ განვითარებას გადავხედავთ ნათელად სჩანს, რომ აღნიშნული მოვლენები შემდგომ წლებში ნაკლებად არის ნახსენები და განხილული. დასავლეთში ამ კონფლიქტს თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭეობდა.  საგულისხმოა ინფორმაცია 1089 წელს, 40 წლის შემდეგ, კონსტანტინეპოლში ჩატარებული სინოდის სხდომიდან, რომელშიც თუმცა ნახსენებია 1054 წლის  სქიზმა, მაგრამ  დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის მოხსენიებული.  ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 1054 წლის მოვლენები ჯერ კიდევ არ მიიჩნეოდა საბოლოო განხეთქილებად.

კონსტანტინეპოლის დაპყრობა ჯვაროსნების მიერ და დიდი განხეთქილება. 1204 წელს მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის ჯარებმა დაიპყრეს და ააოხრეს კონსტანტინეპოლი. ამ ნაბიჯით  ლათინები პოლიტიკურად და საეკლესიო პოლიტიკით შეიჭრნენ ბიზანტიის მართლმადიდებლურ სამყაროში. ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ გადარჩენილი იყო არაქრისტიანული სამყაროს შემოსევებისგან გაძარცვეული და განადგურებული იქნა ჯვაროსნების მიერ. ისტორიული შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, მატერიალურ ზარალზე ბევრად სავალალო იყო რომის პაპის პოზიცია, რომელმაც პირდაპირ ისარგებლა  სიტუაციით და რომის ეპისკოპოსის ე.წ. „კანონიერი იურიდიული უფლებამოსილების“ დასამყარებლად უხეშად შეიჭრა აღმოსავლეთში. თავისი წარმომადგენლის, კარდინალ ბენედიქტეს მიმართ  წერილში  იგი წერდა: „მას შემდეგ რაც ძალაუფლება შეცვლილ იქნა, აუცილებელი შეიქმნა სამღვდელო წესიც შეცვლილიყო.“ (Nikolaou, Theodor (Hg), Das Schisma zwischen Ost- und Westkirche, Munster 2004, გვ.90). შედეგად გადაყენებულ იქნა კონსტანტინეპოლის კანონიერი პატრიარქი იოანე და მის მაგივრად პატრიარქად არჩეულ იქნა ვენეციელი თომას მოროსინი (1204-1211 წწ.). „ამ ფაქტით პირველად ისტორიაში აღმოსავლეთის ეკლესიასაც ფაქტიურად იძულებით დააკისრეს პაპის ე.წ. იურისდიქციული პირველობა. ეს უკვე ნიშნავდა ნამდვილ განხეთქილებას აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიებს შორის (იქვე, გვ.91) როგორც  ავღნიშნეთ, მართლმადიდებლურ სამყაროში  მიღებული ეკლესიების ავტოკეფალურობის პრინციპისგან განსხვავებით, პაპს მიაჩნდა, რომ იგი უფლებამოსილი იყო მთელს მსოფლიო ეკლესიაზე, თვით პატრიარქების დანიშვნის ჩათვლით. 1215 წელს პაპმა მოიწვია მე-4 ლატერანული კრება, რომელმაც შემოიღო შემდეგი ცვლილებები: მე-4 კანონი განმარტავდა, რომ მართლმადიდებლებს უფლება ჰქონდათ შეენარჩუნებინათ წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ აღიარებდნენ მათზე პაპის იურისდიქციას. ამ წესის საფუძველზე შემდგომ წლებში  წარმოებდა პროზელიტიზმი ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანების გადაბირება კათოლიკურ ეკლესიაში, რაც მძიმე დაბრკოლებად არსებობს დღევანდელ დღემდე. ამავე კრების მე-5 კანონმა შეცვალა ეკლესიის ხუთმმართველობის პრინციპ და დააკანონა პაპის განსაკუთრებული ადგილი. ამ კანონის მიხედვით რომის პაპი აღარ არის ერთ-ერთი ხუთი იერარქიდან, არამედ მას  ეკუთვნის განსაკუთრებული ძალაუფლება მთელს ეკლესიაზე და უშუალოდ აღმოსავლეთის ოთხ პატრიარქზე. ეს ხედვა კი ძირეულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელურ ეკლესიოლოგიას და ეკლესიების თვითმყოფადობის და ავტოკეფალიის პრინციპს.

ლიონის 1274 წლის და ფლორენციის 1439 წლის კრებებზე იყო მცდელობა მართლმადიებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ერთიანობის აღდგენისა. თუ გავითვალისწინებთ თურქების შემოსევებისგან კარს მომდგარ საშიშროებას, ეს ერთიანობა  განსაკუთრებით სასურველი და საჭირო იყო ბიზანტიისთვის. მაგრამ საეკლესიო პირების დიდი ნაწილი  უარყოფითად შეხვდა მას და ამ მცდელობამ  შედეგი ვერ გამოიღო.

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

დაბრუნება სარჩევში